მოსკოვის საპატრიარქო
სერბეთის პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მხარდაჭერა გამოუცხადა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 23.08.2024. სერბეთის უწმინდესმა პატრიარქმა პორფირემ გადამჭრელი და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში მიღებულ ანტიეკლესიურ კანონთან დაკავშირებით.
კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს პატრიარქ ონოფრეს მიმართ სინოდალურ ეპისტოლეში უწმინდესი პატრიარქი პორფირე ხაზს უსვამს, რომ წმინდა საბას ადგილობრივი ეკლესია ღრმა აღშფოთებით შეხვდა უკრაინის უმაღლესი რადას მიერ კანონის მიღებას, რომელიც თვითმმართველი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს.
„რადგან არც ისე დიდი ხნის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია აკრძალული და დევნილი იყო, ამიტომ თქვენს შემთხვევაშიც ვგრძნობთ ჩვენ პავლე მოციქულის წმინდა სიტყვების ჭეშმარიტებას: თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს (1 კორ. 12:26)“, – წერს პატრიარქი პორფირე. იხსენებს რა სერბეთის ეკლესიის მიერ გადატანილ განსაცდელებს, ის ამბობს, რომ მაშინ მის მსახურებას აფერხებდა დაუფარავი ტოტალიტარული, ფაშისტური წარმონაქმნის კრიმინალური მარიონეტული რეჟიმი, დღეს კი და-ეკლესიის ტრაგედია უკრაინაში იმით მძაფრდება, რომ ის იდევნება დეკლარაციულად დემოკრატიული მთავრობის მხრიდან, რომელიც მისივე თანამემამულეებისგან არის შემდგარი, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს და შეუდარებლად უფრო აბსურდულს ხდის.
მისი უწმინდესობა გულისწუხილით აღნიშნავს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითზე ინერგება ახალი ტოტალიტარიზმი, რომელშიც უარყოფილია წმინდა მოციქულთასწორ იმპერატორ კონსტანტინეს გამონათქვამიც კი: „ყველამ ისე ირწმუნოს, როგორც. მის სულს სურს“, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი საყოველთაოდ მიღებული სოციალური პრინციპია. როგორც პატრიარქი პორფირე ბრძანებს, აშკარაა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალულ ორგანიზაციამდე დაყვანა დამატებით ლეგიტიმაციას აძლევს მის ისედაც გამუდმებულ დევნას, სასულიერო იერარქიისა და მრევლის დაპატიმრებებსა და შევიწროებას, ქმნის მისი ქონების შემდგომი მიტაცების შესაძლებლობას. ეს ტანჯვის ახალ ჯვარზე აკრავს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, უკრაინული საზოგადოება კი, შეიძლება ითქვას, ქრისტეს ეკლესიის რომაული დევნის პერიოდს უბრუნდება.
„ჩვენი ლოცვები, ჩვენი იმედები, ჩვენი აზრები, მაგრამ ასევე ჩვენი გულწრფელი სურვილებია, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ზურგი აქციონ საკუთარ უგუნურებას და შემოტრიალდნენ სამართლიანობისა და ჭეშმარიტების შეცნობისაკენ; რომ თქვენს სამშობლოში კვლავ დაისადგუროს მშვიდობამ, ძმურმა სიყვარულმა და თანხმობამ“, – წერს სერბეთის უწმინდესი პატრიარქი პორფირე უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს.