მოსკოვის საპატრიარქო
ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ამერიკელ დიპლომატთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევაზე
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 21.08.2024. 20 აგვისტოს, სოფიაში, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის შენობაში, გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელსა და ბულგარეთის რესპუბლიკაში აშშ-ის ელჩს კენეტ მერტენს შორის, – იუწყება ბულგარეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდი.
ამერიკელ დიპლომატთან საუბარში მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში რელიგიურ თავისუფლებასა და მორწმუნეების უფლებებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც მეთაურობს უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე, სხვადასხვა სახის შეზღუდვებს უწესებენ და დაბრკოლებებს უქმნიან სარწმუნოების აღმსარებლობისა და ღვთისმსახურების ჩატარების საქმეში, აღნიშნულ ეკლესიას ძალით ართმევენ საეკლესიო ქონებას; გარდა ამისა, წახალისებულია უმე-ის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება.
უწმინდესმა პატრიარქმა დანიელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელთანაც ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება ევქარისტიულ კავშირში, სერიოზულ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეზღუდვებს განიცდის თავის სამწყემსო საქმიანობაში უკრაინაში არსებული დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგად.
მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოს დემოკრატიული ძალები, რომლებიც რელიგიურ პროცესებს აკვირდებიან, გაითვალისწინებენ უკრაინაში დაფიქსირებულ საგანგაშო ტენდენციებს და სათანადო ზომებს მიმართავენ იმისათვის, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური თავისუფლება, ღვთისმსახურების ჩატარების უფლება და საკუთრების ხელშეუხებლობა გარანტირებული იქნეს.
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა გაიხსენა, რომ ევროპის ისტორიაში, რეფორმაციის პერიოდიდან დღემდე, რელიგიური მშვიდობა ყოველთვის იყო პოლიტიკური და სოციალური მშვიდობის წინაპირობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მთავარი მდივანი, მელნიშის ეპისკოპოსი გერასიმე; ბულგარეთში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომელი ევგენი ტოდოროვი; ბულგარეთის პატრიარქის კაბინეტის უფროსი დიმიტრი გორანოვი.