მოსკოვის საპატრიარქო
წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მეთხუთმეტე წლისთავი მიულოცეს.
მის უწმინდესობას, უწმინდეს კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო მეუფევ და მოწყალე მამაო!
ნება გვიბოძეთ, პირადად თქვენთვის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სისავსისთვის ამ საზეიმო და სულიერად მნიშვნელოვან დღეს, გულითადად მოგესალმოთ და მოგილოცოთ ღირსშესანიშნავი თარიღი – მოსკოვის საპატრიარქო ტახტზე თქვენი აღსაყდრების 15 წლისთავი.
ღვთის ყოვლადსახიერი განგებულებით და ჩვენი ეკლესიის წმინდა ადგილობრივი კრების გამორჩევით, ათწლინახევრის წინ თქვენ მოწოდებულ იქენით საწინამძღვრო მსახურებაზე.
ინტრონიზაციის იმ ღირსსახსოვარ დღეს განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად (მთ. 2:10) ეკლესიის მილიონობით ერთგული შვილის გულებმა, რამეთუ უფალმა აღამაღლა რჩეული ერისაგან მისისა (ფს. 88:20), – აიყვანა რა მღვდელმსახურების უმაღლეს საფეხურზე მამაკაცი ძლიერი და ღირსეული, განბრძნობილი და ტალანტებით უხვად დაჯილდოებული. თქვენ კი, ვინც ეს ხვედრი მიიღეთ, გელოდათ, გეტვირთათ და გეტარებინათ პატრიარქობის მძიმე ჯვარი, რასაც თქვენ მაშინ მთელი ეკლესიის ლოცვით ამოწმებდით ღვთისა და ხალხის წინაშე თავმდაბლობითა და წინამძღვარზე ზეგარდამო მოვლენილი მადლმოსილი დახმარების სასოებით.
წინასწარმეტყველური აღმოჩნდა თქვენი სიტყვები. განვლილ წლებში თქვენ მოგიხდათ სრულად გეგრძნოთ, თუ რამდენად მძიმე და საპასუხისმგებლოა პირველიერარქის მოღვაწეობა, გონებისა და ნებისყოფის რაოდენ ძალისხმევას მოითხოვს, რაოდენი თავდადებითი შრომაა ყოველდღიურად საჭირო, რომ მუდმივად სარგებელი მოუტანო წმინდა ეკლესიას.
ახლა, როდესაც თქვენ გიყურებთ, რომელიც დგახართ იმავე წმინდა ადგილზე და ქებას აღუვლენთ ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელ ღმერთს, ჩვენ შეგვიძლია სიხარულით და მადლიერებით დავამოწმოთ: ყველაფერი, რაც თქვენ, სამღვდელოებასთან და სასულიერო დასსთან ერთად შესძელით განგეხორციელებინათ განვლილი თხუთმეტი წლის განმავლობაში, მართლაც საოცარია. შთამბეჭდავია არა მხოლოდ ციფრები და სტატისტიკური მონაცემები, რომლებზეც დიდხანს შეიძლებოდა გველაპარაკა, არამედ, ასევე, როგორც ეპარქიული, ისე სამრევლო ცხოვრების ყოველმხრივი განვითარების დინამიკა.
ღმერთმა განაჩინა საეკლესიო ხომალდის საჭესთან თქვენი დგომა იმ დროს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძალისხმევის გაერთიანება – მწყემსთმთავრებისა და მწყემსებისა, მონაზვნებისა და ერისკაცებისა – იმ დიდი მისიის ერთობლივი და მაქსიმალურად ნაყოფიერი შესრულებისთვის, რომელიც ეკლესიას დაუწესა მისმა დამფუძნებელმა და თავმა იესო ქრისტემ – აცხოვნოს, განანათლოს და განწმიდოს ყოველი ადამიანი მომავალი სოფლად (ინ. 1:9). სწორედ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, გაძლიერებულმა უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისითა (ეფეს. 6:10), შესძელით, ახალი მძლავრი იმპულსი მიგეცათ ჩვენი ეკლესიის საქმიანობის ყველა მიმართულებით განვითარებისთვის.
დღითიდღე, თქვენი დამახასიათებელი სკრუპულოზობით, თქვენ იკვლევთ თანამედროვეთა რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალგვარ საკითხებს, აღნიშნავთ პრიორიტეტულ მიზნებს, წყვეტთ აქტუალურ პრობლემებს, იძლევით ბრძნულ და ფასეულ მითითებებს და, რაც ყველაზე მთავარია, გამბედაობისა და შეუპოვრობის, რწმენისა და ერთგულების, შრომისა და პასუხისმგებლობის პირად მაგალითს იძლევთ. თქვენთვის არ არის და არც არასოდეს ყოფილა რაიმე უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლებული, ვიდრე არის საღმრთო მსახურების აღსრულება, ლოცვისა და ვედრების აღვლენა თქვენი მზრუნველობისადმი რწმუნებული ადამიანებისთვის, სამადლობელი უსისხლო მსხვერპლშეწირვა ყოველთა და ყოვლისათვის, მოუღლელი და მგზნებარე ქადაგება ქრისტეს ჭეშმარიტების სიტყვისა ახლობლებისა და შორებლებისთვის.
ყოველივე ამას და კიდევ სხვა მრავალს თქვენ ასრულებთ მზრუნველობითა და დაუოკებელი გულმოდგინებით, და მსახურებისთვის აღგვძრავთ ჩვენც – თქვენს თავმდაბალ მორჩილებსა და თანამუშაკებს, რომლებიც ვცდილობთ, საკუთარი ძალებისა და უნარებისამებრ ხელი შეგიწყოთ თქვენ თქვენი გეგმების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია სახარებისეული გზავნილების აქტუალიზაციაზე ყველასთვის და თითოეულისთვის.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ნება მოგვეცით, დაგარწმუნოთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენს უცვალებელ სურვილში, ვიშრომოთ თქვენი ბრძნული მამობრივი წინამძღოლობით, რათა ჩვენი კრებსითი მოღვაწეობა შემდგომშიც იყოს ღვთისათვის სათნო, მაცხოვნებელი და ნაყოფიერი.
დაე, ცისა და ქვეყნის მოწყალე უფალმა კვლავაც განაახლოს და აღავსოს თქვენი ძალები საღვთო მადლისა და სულიწმიდის ნიჭის გარდმოვლენით, შეგეწიოთ დიდ საწინამძღვრო მსახურებაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ და ჯანმრთელად და მშვიდობიანად გამყოფოთ მრავალი წელი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
მოსკოვი, 2024 წლის 1 თებერვალი
პატრიარქი
08.11.2024
06.11.2024