
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 26.08.2023. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საეპისკოპოსო კურთხევის 60 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
წერილში ნათქვამია:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი საეპისკოპოსო კურთხევის 60 წლისთავთან დაკავშირებით!
მიიღეთ რა სამოციქულო მადლი ღვთივკურთხეული ივერიის მიწაზე, ღვთის ნებით აღიღეთ მღვდელთმთავრის ჯვარი, შემდეგ კი საქართველოს ეკლესიაში მაღალი საწინამძღვრო მსახურება იტვირთეთ, რასაც წარმატებით ასრულებთ მრავალი წლის განმავლობაში. მოსიყვარულე მამა და სულიერი მოძღვარი ყველა თქვენი ერთგული და მადლიერი შვილისთვის, თქვენ წარმოადგენთ მოციქულებრივი ცხოვრებისა და ქადაგების ცოცხალ მაგალითს თანამოძმე იერარქების, სამღვდელოებისა და მთელი თქვენი სამწყსოსთვის.
თქვენ უყვარხართ და პატივს გცემენ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ – თქვენი მხურვალე სიტყვისა და გაწონასწორებული გადაწყვეტილებებისთვის, საეკლესიო ერთობის შენარჩუნების ძალისხმევისთვის, რწმენაში ურყეობისა და ჭეშმარიტებაში დგომისთვის.
თქვენ უყვარხართ და პატივს გცემენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაშიც. მიუხედავად ამ ეპოქის ისტორიული რყევებისა და არეულობისა, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა უცვლელად თბილი და ძმური ხასიათისაა, რაშიც დიდია თქვენი პირადი ღვაწლი.
თქვენი მღვდელთმთავრული მსახურების მნიშვნელოვანი წლისთავის დღეს, ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას ჯანმრთელობას, ძალების სიმტკიცეს და ღვთის მოუკლებელ წყალობას მრავალი და კეთილი წლების განმავლობაში.
ქრისტეში მოკრძალებული სიყვარულით,
მოსკოვის საპატრიარქო საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე,
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
26.11.2023
13.11.2023
13.10.2023