მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართავს რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის დევნასთან დაკავშირებით
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 15.07.2023. 15 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წერილით მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, ზოგიერთ რელიგიურ მოღვაწეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელშიც მათ აცნობა კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს დევნის ამბავი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა სიტყვით მიმართა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს, რომის პაპ ფრანცისკეს, კოპტური ეკლესიის პატრიარქს თავადროს II-ს, ანგლიკანური საზოგადოების მეთაურს კენტერბერიის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალურ მდივანს დოქტორ ჯერი პილეის, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერიშს, ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ფოლკერ ტიურკუს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დირექტორს მათეო მეკაჩის, – იტყობინება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური.
ქვემოთ მოყვანილია წერილის ტექსტი სრულად:
„2023 წლის 14 ივლისს, ქალაქ კიევის სოლომენის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარი, ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტი პავლე, რომელიც მანამდე სადღეღამისო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, დააკავეს და ციხეში მოათავსეს.
სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკრაინის ხელისუფლების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციისგან კიევ-პეჩერის ლავრის ძალით და უკანონოდ ამოღების მცდელობის კონტექსტში.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც არამართებულია და აშკარად უკრაინის ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი, მიზნად ისახავს მორწმუნეების დაშინებას, აიძულოს ისინი უარი თქვან თავიანთი რელიგიური თავისუფლებისა და სიწმინდეების დაცვაზე და წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი დევნის ნაწილს.
რელიგიურ მოღვაწე არ შეიძლება და არ უნდა ექვემდებარებოდეს ასეთი სახის რეპრესიულ ზომებს თავისი რელიგიური მრწამსის გამო.
დიდი შეშფოთებით აღვნიშნავ, რომ მიტროპოლიტ პავლეს, ხანდაზმული ასაკის კაცს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა შინაპატიმრობიდან პატიმრობაში მოთავსებამდე ემუქრება ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესებით და შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი საგამოძიებო იზოლიატორში.
მოგიწოდებთ, ყურადღება მიაქციოთ უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის დევნას უკრაინაში და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს უკანონო დევნისგან დასაცავად“.