უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უნეტარეს პატრიარქ თეოდორე II-ს პასუხი გაუგზავნა მოწოდებაზე, გაეუქმებინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს დაარსებისა და იქ ეგზარქოსის დადგინების შესახებ.
მის უნეტარესობას უნეტარეს თეოდორე II-ს, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრიარქს
თქვენო უნეტარესობავ!
მივიღე კიდევ ერთი თქვენი წერილი, სადაც მომიწოდებთ გავაუქმო რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება აფრიკის საპატრიარქო საეგზარქოსოს შექმნისა და ეგზარქოსის დანიშვნის შესახებ.
აფრიკაში ჩვენი საეგზარქოსოს დაარსების მიზეზებისა და გარემოებების თაობაზე მე თქვენ დაწვრილებით უკვე მოგწერეთ. ახსნილია ისინი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ახლახან, 28 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში, რომლის ასლსაც გიგზავნით.
ამავე დროს, თქვენი უნეტარესობისგან მე ჯერაც არ მომისმენია, თუ რა კანონიკურმა მიზეზებმა აღგძრა თქვენ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია არარსებულად და არაკანონიკურად მიგეჩნიათ, ხოლო სამღვდედლო მადლის არმქონე სქიზმატები, რომლებიც მას მტრობენ, ამ ქვეყანაში ერთადერთ კანონიკურ „ავტოკეფალურ ეკლესიად“ გეღიარებინათ. არც ჩემ მიერ მიღებულ თქვენს წერილებში, არც ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდის გამოქვეყნებულ კომუნიკეში, ეს კანონიკური მიზეზები ახსნილი არ არის, და არც შეიძლება ახსნილი იყოს, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობს, როგორც ეს თავადაც მშვენივრად იცით.
რუსეთის ეკლესიის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ის პირები, ვინც აღიარებენ სქიზმატურ ე.წ. უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას, თავადაც მიიდრიკებიან განხეთქილებისკენ, გააჩნია ღრმა კანონიკური საფუძველი, რომელსაც თქვენ ამაოდ უარყოფთ. ანტიოქიის კრების მე-2 კანონი ნათლად განაჩინებს: „დაუშვებელია ერთი ეკლესიის მიერ განკვეთილებთან თანაზიარება და მათი შეწყნარება სხვა ეკლესიის მიერ. ხოლო თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან სხვა რომელიმე კლირიკოსი აღმოჩნდება საეკლესიო ერთობისგან განყენებულთა თანამოზიარე, მაშინ დაე, თვითონაც დარჩეს საეკლესიო ერთობის გარეთ, როგორც საეკლესიო კანონის დამრღვევი“.
ამასვე გვაფრთხილებს წმინდა მოციქულთა მე-12 კანონიც: „თუ უზიარებლონით დასჯილი კლირიკოსი ან ერისკაცი, ანდა სასულიერო დასში მიღებისათვის უღირსი პირი წავა და მას სხვა ქალაქში მიიღებენ წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, უზიარებელნი დარჩნენ შემწყნარებელიცა და შეწყნარებულიც“.
ანტიოქიის კრების მე-4 კანონის თანახმად: „ყველა მათთან თანაზიარი [ანუ კრების მიერ ხარისხიდან განკვეთილებთან] ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეცოდინებათ რა ზემოთ დასახელებულთა წინააღმდეგ გამოტანილი მსჯავრი, გაკადნიერდებიან თანაზიარება იქონიონ მათთან“. ასევე კრძალავს განკვეთილებთან ერთობას სხვა მრავალი კანონიკური დადგენილებაც (I მსოფ. 5; მოციქ. 11; კართ. 9 და სხვ.). თქვენი უნეტარესობისთვის კარგად არის ცნობილი, რომ უკრაინის განხეთქილების წამომწყებთა და მათი მიმდრევრების აკრძალვა აღიარა ყველა წმინდა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მათ შორის, თქვენი წინამორბედმა მარადსახსენებელმა პატრიარქმა პართენ III და შემდგომში მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში არავის არასდროს ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. წმინდა კანონებისა და მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო პრაქტიკის თანახმად, ეკლესიაში უკრაინელი სქიზმატიკოსების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მათი სინანულის შემდგომ და იმ ადგილობრივ ეკლესიასთან შეერთებით, რომელსაც ისინი მოწყდნენ, ანუ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. უკრაინაში სქიზმატიკოსებს, როგორც ცნობილია, არ შეუნანიებიათ და არ დაბრუნებულან თავის ეკლესიაში. მას შემდეგ კი, რაც თქვენ ისინი შეიწყნარეთ და მერე მათთან ევქარისტული კავშირი დაამყარეთ, მათ კვალად თქვენც განხეთქილებაში აღმოჩნდით და ზემოთ მოყვანილი კანონების სიმკაცრით მათთავე თანაბარ განკვეთას ექვემდებარებით. სწორედ ამ მიზეზით ალექსანდრიის ეკლესიის ბევრი კლირიკოსი იძულებული გახდა თავი დაეზღვიათ თქვენთან ერთობისგან და კანონიკური დაცვა ჩვენს ეკლესიაში მოეძებნათ.
რაც შეხება თქვენს მუქარებს კლინის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტის ხარისხიდან განკვეთასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა აფრიკის ეგზარქოსად დაადგინა, მოკლებულია საეკლესიო სამართლის ყოველგვარ საფუძველს.
ერთი რომელიმე ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპოსი ან კლირიკოსი არანაირად არ ექვემდებარება სხვა ავტოკეფალური ეკლესიის სამსჯავროს. კანონიკური განჩინებები, რომლებსაც თქვენ იმოწმებთ (I მსოფლ. 8; IV მსოფლ. 12), არ ამყარებს თქვენს მუქარებს და სრულიად უადგილოა, ვინაიდან ისინი სულ სხვა საკითხებს ეხება. წმინდა კანონები მკაცრად უკრძალავენ ეპისკოპოსებს სხვა ეპარქიის საქმეებში ჩარევას, და თუ ისინი უკრძალავენ უცხო კლირიკოსის შეწყნარებას, რომელსაც არ აღმოაჩნდება წარმომადგენლობითი სიგელი თავისი ეპისკოპოსისგან (იხ. მოციქ. 33; I მსოფ. 16 და სხვ.), მაშინ როგორღა უნდა მიეცეს მას მისი განსჯის ნება, თანაც განუწესოს სასჯელის ისეთი უმაღლესი ზომა, როგორიცაა ხარისხიდან განკვეთა? ამასთან დაკავშირებით, გიცხადებთ, რომ თქვენი ეკლესიის ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება კლინის მიტროპოლიტ ლეონიდეს ან ჩვენი ეკლესიის სხვა იერარქებისა თუ კლირიკოსების მიმართ, ჩვენ მიერ მიჩნეული იქნება კანონიკურად უსუსურად და უმოქმედოდ. წარუმატებელია აგრეთვე თქვენი უნეტარესობის მცდელობა, დაასაბუთოს თითქოსდა კონსტანტინეპოლის განსაკუთრებული უფლებანი 1663 წლის ტომოსზე ანუ ე.წ. „სამეფო და საპატრიარქო ხელისუფლების შესახებ გრაგნილზე“ დაყრდნობით. ეს დოკუმენტი სინამდვილეში მიემართებოდა არა რუსულ ეკლესიას, როგორც თქვენ შეცდომით ამტკიცებთ, არამედ მეფე ალექსი მიხეილის ძეს, რომელიც მოსკოვის პატრიარქ ნიკონის სასამართლო პროცესში მხარდაჭერას აღმოსავლელ პატრიარქებთან ეძებდა და მათ მისწერა თავისი შეკითხვები. რუსეთის ეკლესიას ეს პასუხები არასდროს უთხოვია უწმინდესი აღმოსავლელი პატრიარქებისთვის და თავის ცხოვრებაში არასდროს უხელმძღვანელია აღნიშნული დოკუმენტით.
როგორც ცნობილია, 1663 წლის ტომოსი არა წარმოადგენს კრების განჩინებას: ალექსანდრიისა და ანტიოქიის ეკლესიების წინამძღვრებმა ამ დოკუმენტს ხელი გაცილებით გვიან მოაწერეს. უფრო მეტიც, იერუსალიმის პატრიარქმა ნეკტარიოსმა აღნიშნულ დოკუმენტს თავისი განსაკუთრებული მოსაზრება დაურთო, სადაც ფაქტიურად უარყო ტომოსის დებულება სწორედ კონსტანტინეპოლის პატრიარქების განსაკუთრებული უფლებების შესახებ, ხოლო ანტიოქიის პატრიარქმა მაკარი III-მ ამ „გრაგნილზე“ ხელმოწერამდე ერთი წლით ადრე რომის პაპას საიდუმლოდ გაუგზავნა წერილი, რომელშიც მისდამი თავის დაქვემდებარებას აღიარებდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით ასეთი დოკუმენტი ძნელია, შეურყვნელი მართლმადიდებლური გარდამოცემის ავტორიტეტულ გამოხატულებად ჩაითვალოს.
კიდევ უფრომ გაკვირვებული ვართ იმით, რომ ქრისტეს ეკლესიაში მეთაურობაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქის პრეტენზიების გასამართლებლად თქვენ ეყრდნობით მოსკოვის საპატრიარქოს დაარსების 1590 წლის კრების ოქმებს. თქვენმა უნეტარესობამ უეჭველად იცის, რომ ალექსანდრიის კათედრაზე თქვენი დიდი წინამორბედი წმინდა მღვდელთმთავარი მელეტი პიგასი, რომელიც კანონიზირებულია თქვენი წმინდა ეკლესიის მიერ, ამ კრების გადაწყვეტილებებს არ აღიარებდა, რადგან ისინი მიღებულ იქნა ალექსანდრიის საპატრიარქოს აზრის გაუთვალისწინებლად. მისი ინიციატივით 1593 წელს კონსტანტინეპოლში შედგა აღმოსავლელ პატრიარქთა ახალი კრება, რომელმაც გადახედა წინა კრების გადაწყვეტილებებს და განაჩინა, რომ მოსკოვის პატრიარქი „იყოს და იწოდებოდეს მართლმადიდებელი პატრიარქების ძმად, და ამ წოდების ძალით – თანამოხარისხედ, თანამოსაყდრედ და თანასწორად ხარისხითა და ღირსებით“. აღნიშნული კრების განჩინებებში, რომლის შთამაგონებელი და მთავარი მოღვაწე წმინდა მღვდელთმთავარი მელეტი გახლდათ, მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფლობს რაიმე უფლებამოსილებას მოსკოვის ან სხვა ნებისმიერი კათედრის პატრიარქზე.
საკუთარ თხზულებებში წმინდა მღვდელთმთავარი მელეტი გადაჭრით გამოდიოდა მსოფლიო ეკლესიაში ერთი ეპისკოპოსის მეთაურობის იდეის წინააღმდეგ.
მისი მემკვიდრე და მოწაფე ალექსანდრიის პატრიარქი კირილე ლუკარისი, რომელიც ასევე კანონიზირებულია თქვენი წმინდა ეკლესიის მიერ, ახლახან კი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერაც, თავისი მასწავლებლის კვალად აქტიურად გამოდიოდა პაპიზმის წინააღმდეგ და უარყოფდა მთელს ეკლესიაზე პატივით პირველი ეპისკოპოსის მეთაურობის შესახებ სწავლებას.
მიმაჩნია, რომ ზედმეტი არ იქნება შევახსენო თქვენს უნეტარესობას, რომ ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, რომელიც ალექსანდრიის უნეტარესმა პატრიარქმა ნიკანორმა მოიწვია 1867 წელს, დაგმო კონსტანტინეპოლის ეკლესიის ჩარევა ალექსანდრიის საპატრიარქოს საქმებში; გამოვიდა ყველა პატრიარქის თანასწორობის სასარგებლოდ და განაცხადა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის წინამძღვარს არ აქვს სხვა ეკლესიების საქმეებში ჩარევის უფლება. კონსტანტინეპოლის ეკლესიის ჩარევის დაგმობას ალექსანდრიის ეკლესიის საქმებში მაშინ მხარი დაუჭირა ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, კვიპროსისა და ელადის ეკლესიებმა.
შემდგომ წლებში ალექსანდრიის პატრიარქები ასევე არაერთხელ გამოსულან ეკლესიისა და მართლმადიდებლური გარდამოცემის შესახებ სწავლების სიწმინდის დასაცავად. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ ალბანეთის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ცალმხრივად მინიჭებასთან დაკავშირებით ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ V 1937 წელს წერდა: „ამ უკანსკნელ წლებში, ერთი მხრივ, ზოგადსაეკლესიო, მეორე მხრივ კი ეკლესიებისთვის ავტოკეფალის მინიჭებისა და დამტკიცების შესახებ საკითხებში, საკმაოდ უცნაურადაა დადგენილი, რომ გასული (მე-19) საუკუნის შუახანებიდან, ანუ ელადის ეკლესიისათვის ავტოკეფალურობის ბოძების მომენტიდან, კონსტანტინეპოლის წმინდა სამოციქულო საყდარი უკვე საერთოდ ყურად არ იღებს არც ეკლესიის შესაბამის კანონებს, არც მასში გაბატონებულ ჩეულებებს, იქცევა სრულიად ცალმხრივად, აიგნორირებს ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს“.
სამწუხაროა, რომ თქვენ, ძვირფასო ძმაო, ასე ადვილად განუდექით ალექსანდრიის ეკლესიის დიდებულ მემკვიდრეობას, მართლმადიდებლობის კანონიკურ ტრადიციებს, რომლის ერთგულ მცველებად საუკუნეების მანძილზე გვევლინებოდნენ თქვენი უნეტარესნი წინამორბედნი, და დაადექით განხეთქილებისა და კონსტანტინეპოლის ახლანდელი პატრიარქის უკანონო საქმიანობაზე დათანხმების გზას.
უკრაინაში პატრიარქ ბართლომეოსის მოქმედებები იქცა მართლმადიდებლობის მტრების მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებად, რომლებსაც სურთ რუსეთი და რუსეთის ეკლესია ბერძნულ ეკლესიებს მოწყვიტოს. ამ განზრახვის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იყო, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავდით, რომ კონსტანტინეპოლის უწმინდესი პატრიარქი ღვთის შეწევნით გაბედავდა წინააღმდეგობა გაეწია მძლავრი პოლიტიკური ძალებისათვის. დიდი მწუხარებით უნდა ითქვას, რომ ეს არ მოხდა და შედეგად, პატრიარქმა ბართლომეოსმა თავისი ქმედებებით დაარღვია მსოფლიო მართლმადიდებლობის ერთობა. ღრმად ვწუხვარ, რომ ამ ქმედებების თანამონაწილე ახლა თქვენც გახდით.
თქვენო უნეტარესობავ! წმინდა დიდმარხვისწინა დღეებში ძმურად მოგიწოდებთ, გადახედოთ თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეწყვიტოთ უკრაინის განხეთქილების მხარდაჭერა, რათა არ დაფლითოთ ქრისტეს უკერველი კვართი – საღვთო ეკლესია.
უფლისმიერი სიყვარულით,
+კირილე,
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი