მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია











2022 წლის 16 იანვარს, სულთმოფენობიდან 30-ე კვირიაკეს, ღვთის განცხადების წინა კვირას, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა დედაქალაქში დიდ ორდინკაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს სახელობის ტაძარში.
მწყემსთმთავარს თანამსახურობდნენ ტაძრის კლირიკოსები.
მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ლოცვითი ვედრება.
შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც იკითხება მავნე სნებათა ჰაერით განფენისას.
ლიტურგიის დასასრულს მეუფემ დამსწრეთ ქადაგების სიტყვით მიმართა:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
დღეს, ღვთის განცხადების წინა კვირას, ჩვენ მოვისმინეთ წეს-განგებით განსაზღვრული საკითხავი მარკოზის სახარებიდან, სადაც მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი, როგორ ქადაგებდა იორდანის უდაბნოში, მოუწოდებდა რა ყველა ადამიანს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მთ. 3:2).
უფალმა აირჩია იოანე წინამორბედი, რათა გაემზადებინა გზა თავისი მხოლოდშობილი ძისათვის, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, ხორცი შეისხა და გახდა ადამიანი იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს ხსნა და მარადიული სიცოცხლე აჩუქოს.
იოანე ნათლისმცემლის ქადაგება, რომელიც ჩვენამდე მოვიდა ოთხი მახარებლის გარდამოცემით, შეიცავდა იმას, რასაც შემდგომში უფალი იესო ქრისტე თავისი ქადაგების საფუძვლად დადებს: იოანე ნათლისმცემლის სიტყვებით, „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“, დაიწყო თავად უფალმა იესო ქრისტემ ქადაგება და თავისი მიწიერი მსახურება.
მაგრამ იოანე ნათლისმცემლის ქადაგებაში ჩვენ ასევე გვესმის მრავალი სხვა ისეთი რამ, რაც შემდგომში ასევე იქნება წარმოთქმული და განვითარებული უფალი იესო ქრისტეს ქადაგებაში. ამგვარად, პასუხობს რა ებრაელთა პრეტენზიებს, რომ ისინი აბრაამის შვილები არიან, უფალი იესო ქრისტე ამბობს: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ“ (ინ. 8:39). იგივეს ქადაგებდა იოანე ნათლისმცემელიც: „და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ თავით თჳსით: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. რამეთუ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა“ (მთ. 3:9). მან გააფრთხილა: „რამეთუ აწვე ესერა ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს. ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას“ (მთ. 3:10). წინამორბედმა გააფრთხილა მოახლოებული ანგარიშსწორების შესახებ, ადამიანების პასუხისმგებლობის შესახებ, მათი სურვილის არ ქონის გამო მოესმინათ ღვთის ხმა და გაჰყოლოდნენ ღვთის მხოლოდშობილ ძეს, რომელიც იყო აღთქმული მესია და მოვიდა სამყაროში, რათა ყველა ადამიანს აჩვენოს ხსნის გზა.
იოანე ნათლისმცემლის ქადაგება წინ უძღოდა იესო ქრისტეს ქადაგებას. იმ მომენტში, როცა უფალი იესო ქრისტე თავისი ქადაგებით გამოდიოდა, ის არავისთვის არ იყო ნაცნობი, ხოლო იოანე ნათლისმცემელს უკვე მთელი იუდეის ქვეყანა იცნობდა. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავის ქადაგებაში თავდაპირველად სიტყვასიტყვით გამოიყენა ის სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც მან იოანე ნათლისმცემლისგან მოისმინა.
ამ ორი ადამიანის ერთაზროვნება – კაცის, რომელიც მოვიდა ღვთის ძისთვის გზის მოსამზადებლად, და თავად ღვთის ძის – გამოიხატება იმაში, თუ ისინი როგორ და რას ქადაგებდნენ. რატომ ამბობდა იოანე ნათლისმცემელი იმას, რასაც მოგვიანებით იტყვის უფალი იესო ქრისტე? იმიტომ, რომ თავად ღმერთმა შთააგონა მას ასე. როგორც ღმერთი უცხადებდა საკუთარ ნებას წინასწარმეტყველებს და ისინი ისმენდნენ მის სიტყვას და სხვებს გადასცემდნენ, ზუსტად ასევე იოანე ნათლისმცემელი – წინასწარმეტყველთაგან უკანასკნელი და მოციქულთაგან პირველი – გადასცემდა ხალხს იმას, რაც ღვთისგან მოისმინა.
სინანულისკენ მოწოდება, რომელიც წმიდა იოანე ნათლისმცემლის ბაგეებიდან ისმოდა, იყო მოწოდება არა მხოლოდ იმისკენ, რომ საკუთარი ცოდვები მოენანიებინათ, შეცდომები გაეცნობიერებინათ, საკუთარი ბოროტი ქმედებანი ეგლოვათ, არამედ, ამასთან, საკუთარი აზროვნება და ცხოვრების წესი რადიკალურად შეეცვალად.
იმდროინდელ იუდეველებს სჯეროდათ, რომ სიწმინდე და ღვთისმოსაობა მოსეს კანონის სხვადასხვა დადგენილების შესრულებაში მდგომარეობდა. რაც უფრო იცოდა ადამიანმა ამ დადგნილებების შესახებ და ცდილობდა მათ ცხოვრებაში განხორციელებას, მით უფრო ეჩვენებოდა, რომ ის სიწმინდეს უახლოვდებოდა.
მაგრამ ჯერ იოანე ნათლისმცემელმა და შემდეგ თავად უფალმა იესო ქრისტემ თავიანთი ქადაგებით აჩვენეს, რომ რელიგიური ცხოვრების არსი არის არა უსასრულო რაოდენობის დადგენილებების და აკრძალვების შესრულებაში, არამედ, პირველ რიგში იმაში რომ, გიყვარდეს ღმერთი, მთელი საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, მოიღო სინანული, ანუ ბოროტების ნაცვლად სიკეთე აკეთო, შეასრულო შენი მოვალეობა. ყველა ადამიანს, მასთან მისულს, იოანე ნათლისმცემელი ეუბნებოდა: ნურავის ნუ აწყენინებთ,, ყველას სიკეთე გაუკეთეთ. და ეს მისი მარტივი დარიგებები ყოველ დროში აქტუალურია.
ღვთის ნების აღსრულება და რელიგიური ცხოვრების არსი ისაა, რომ ადამიანის გული უფალზე იყოს მომართული. მაშინ მთელი მისი ცხოვრება ღმერთს მიეძღვნება, სხვა ყველაფერი კი თავისთავად დალაგდება.
თავიდან იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა უდაბნოში, შემდეგ დააპატიმრეს, საპყრობილეში ჩასვეს, მერე თავი მოჰკვეთეს, რის შესახებაც სახარებიდან გვესმის. ჩვენი უფალი იესო ქრისტე იგივეს ქადაგებდა, მაგრამ გაცილებით მეტი თქვა, ვიდრე თქმა მოასწრო იოანე ნათლისმცემელმა. მაგრამ ქრისტეც სიკვდილით დასაჯეს, გაასამართლეს, ჯვარზე აცვეს და შემდეგ აღდგა და მისმა აღდგომამ საფუძველი ჩაუყარა ახალ ცხოვრებას, ახალ მყოფობას, ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებას, რომელიც დღემდე გრძელდება. და ჩვენ თქვენთან ერთად ვტკბებით იმ გამარჯვების ნაყოფით, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მოიპოვა, – გამარჯვებით, რომელიც ნაწინასწარმეტყველები იყო წინასწარმეტყველების მიერ და იოანე ნათლისმცემლის ქადაგებით იქნა პირველად გაჟღერებული.
ამ დღეებში ჩვენ ვემზადებით ღვთის განცხადების დღესასწაულისთვის. ამ დღესასწაულზე ჩვენ ვაკურთხევთ წყალს უფლის ნათლისღების მოსაგონებლად, როდესაც თავად უფალი იესო ქრისტე სხვა ადამიანებთან ერთად იორდანეს წყალში ჩავიდა – არა იმისთვის, რომ ცოდვებისგან განწმენდილიყო, რადგან ცოდვები მას არ ჰქონდა, არამედ იმისთვის, რომ წყლების ბუნება განეწმიდა, რათა ადამიანებმა, რომლებიც ამ წყლებში შთაეფლობიან, მისი ღვთაებრივი და ცხოვრებისმომნიჭებელი მადლით მიიღონ მიტევება და ცოდვებისგან განწმენდა, აღორძინებისა და და ახალი ცხოვრების დაწყების მადლი და ძალა.
მოვემზადოთ ამ დღესასწაულისთვის და ვთხოვოთ უფალს, რომ ჩვენთან წყლების ბუნების განსაახლებლად მოსვლისას, განაახლოს ჩვენი ადამიანური ბუნებაც, დაგვეხმაროს შევაღწიოთ რელიგიური ცხოვრების არსში, ჩვენთვის გავითავისოთ, გავაცნობიეროთ და ცხოვრებაში განვახორციელოთ სახარებისეული მცნებები. და რომ თავად ქრისტე იყოს ჩვენი მეგზური ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე. ამინ.
ყველას გილოცავთ დღესასწაულს! დაე უფალი გფარავდეთ ყველას!“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური