ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა





















2022 წლის 7 იანვრის საღამოს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის დღესასწაულზე, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა.
მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: მოსკოვის სამიტროპოლიტოს პატრიარქის ადგილმონაცვლე, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ქ. მოსკოვში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარიუსი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე; მონასტრებისა და მონაზვნების სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, კაშირის მიტრპოპოლიტი თეოგნოსტი; აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსი, კლინის მთავარეპისკოპოსი ლეონიდე; მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორი, ზვენიგოროდის ეპისკოპოსი თეოდორე; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი მოსკოვში, პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი; უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი, არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი); დედაქალაქის სასულიერო პირები.
ღვთისმსახურებაზე ლოცულობდნენ მოსკოვის სამიტროპოლიტოს ეპარქიების მმართველი მაღალიერარქები, მოსკოვის ეპარქიის ვიკარიუსები და კეთილმოწესეები, სტავროპიგიული მონასტრების წინამძღვრები და იღუმენიები, ქ. მოსკოვის სასულიერო პირები, დედაქალაქის ტაძრების სამრევლო საბჭოების წევრები, სინოდალური დაწესებულებების თანამშრომლები, მრავალრიცხოვანი მორწმუნეები.
ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ეკლესიის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ვ.რ. ლეგოიდა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის უფროსის მოადგილე ნ.ი. დერჟავინი.
დიდი მწუხრის მსახურების საგალობლები ქრისტეს მაცხოვრის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა (რეგენტი ი.ბ. ტოლკაჩევი).
საპატრიარქო ღვთისმსახურება გადაიცემოდა ტელეკომპანიების «ТВ Центр»-ის, «Спас»-ის, «Союз»-ის პირდაპირ ეთერში, და ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პორტალზე – Патриархия.ru. ტრანსლიაციას კომენტარებს უკეთებდა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ა.კ. სვეტოზარსკი.
სახარებით შესვლაზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ კლინის მთავარეპისკოპოსი ლეონიდე მიტროპოლიტის ხარისხში აღამაღლა. დაჯილდოვება განხორციელდა მეუფე ლეონიდეს აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსად დანიშვნასთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქიის მმართველობის და სამხრეთ აფრიკის ეპარქიის დროებითი მმართველობის დავალებით, წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ჟურნალი ნომერი 100).
ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის პირველი პროტოდიაკონი, კონსტანტინე ბარგანი, ღვთის ეკლესიისადმი გულმოდგინე მსახურებისთვის პატრიარქის არქიდიაკვნის ხარისხში იქნა აყვანილი.
სახარების საკითხავი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მიერ იქნა წაკითხული, იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულის დროინდელი ძველი საკურთხევლის სახარებიდან, რომელიც წელიწადში ორჯერ გამობრძანდება ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის საკურთხევლიდან: შობისა და პასექის დიდი მწუხრზე.
წირვის დასასრულს კრუტიცკისა და კოლომნას მიტროპოლიტმა პავლემ უწმინდეს პატრიარქ კირილეს წმინდა სინოდის სახელით ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა:
„თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო მეუფევ და მოწყალეო მამაო!
ამ სადღესასწაულო შობის საღამოს, ჩვენი ეკლესიის მთელი სისავსიდან, წმინდა სინოდის, ეპისკოპატის, მღვდელმსახურებისა და მთელი თქვენი ღვთისმოსავი მართლმადიდებელი სამწყსოს სახელით, გულითად მოლოცვას და საუკეთესო სურვილებს გიძღვნით.
წმინდა თეოფანე, ვიშენელი დაყუდებული, განიხილავდა რა შობის დღესასწაულს და იხსენებდა ანგელოზთა დიდებულ გალობას, რომლებიც ადიდებდნენ ბეთლემში შობილ ქრისტე მაცხოვარს, მოუწოდებდა სამწყსოს, მადლობა გადაეხადა ღმერთისთვის იმის გამო, რომ სამყაროს მაცხოვარი ქრისტე დაიბადა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს რისთვისაც უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, რადგან ქრისტე მაცხოვრის შობით დედამიწის მცხოვრებთათვის იხსნება ჰორიზონტები მუშაკობისთვის, შემოქმედებისთვის, სულიერი სრულყოფისთვის და ყველასთვის, ვინც იწამებს, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, სასუფეველში მარადიული ნეტარი ცხოვრების პერსპექტივა ეხსნება.
ამ დღესასწაულზე, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ გვინდა გისურვოთ მტკიცე ჯანმრთელობა, მოუკლებელი მადლისმიერი შეწევნა ღვთისაგან თქვენს პირველმღვდელთმთავრულ შრომაში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი თქვენი სამწყსო ლოცვით თქვენთანაა, თქვენო უწმინდესობავ. და იმის ნიშნად, რომ ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და მრავალწლიან სიცოცხლეს, მიიღეთ, თქვენო უწმინდესობავ, ცოცხალი ყვავილების ეს თაიგული, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოა. მრავალი წელი თქვენ, თქვენო უწმინდესობავ! გილოცავთ დღესასწაულს!“.
კრუტიცკის მიტროპოლიტმა პავლემ უწმინდესს თეთრი ვარდების თაიგული მიართვა.
უწმინდეს პატრიარქს დედაქალაქის მართლმადიდებელი ახალგაზრდების სახელით მიულოცეს მოსკოვის ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენლებმა – რუსლან მოშუროვმა (რუსეთის ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე) და მარია გერეგომ (მოსკოვის ეპარქიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ვიკარიატის ახალგაზრდული მგალობელთა გუნდის „გეთსიმანიის“ ხელმძღვანელი).
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეკრებილებს პირველიერარქის სიტყვით მიმართა.
შემდეგ, ტრადიციისამებრ, მოსკოვის ეპარქიის მაღალიერარქებმა, სასულიერო პირებმა და ერისკაცებმა თავიანთ მმართველ მღვდელთმთავარს მიულოცეს.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციების სამსახური