შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა



















2022 წლის 6 იანვარს ქრისტეს შობის მიმწუხრს (შობის წინა დღეს) საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა დიდი მწუხრის ლოცვა და წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია დედაქალაქში დიდ ორდინკაზე მდებარე ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ტაძარში აღასრულა.
მწყემსთმთავარს თანამსახურებდნენ ქ. მოსკოვის ძველი ჩერიომუშკების ცხოვრების დასაბამი სამების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ კარასევი და ტაძრის კლირიკოსები.
მრჩობლი კვერექსზე აღავლინეს ლოცვა-ვედრება კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად. შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა წაიკითხა ლოცვა მავნე სნეულებათა ზედამოსვლისაგან დასაცავად.
საღმრთო ლიტურგიაზე შესრულდა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ასპირანტურის განყოფილების უფროსის არსენ გრიგორიანის დიაკვნად ხელთდასხმა.
ღვთისმსახურების დასასრულს ტაძრის შუაგულში დაბრძანებული ქრისტეს შობის ხატის წინაშე შესრულდა სადღესასწაულო ტროპარ-კონდაკის გალობა.
შემდეგ მეუფე ილარიონმა მორწმუნეთ ქადაგებით მიმართა:
„სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენ შევაბიჯეთ ქრისტეს შობის დღესასწაულში. დღეს მოვისმინეთ მოციქული პავლეს სიტყვები ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან: „ღმერთი, რომელიც მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ამ უკანასკნელ დღეებში გველაპარაკა ჩვენ ძის მიერ, რომელიც დაადგინა ყოვლის მემკვიდრედ და რომლის მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი, რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი“ (ებრ. 1:1- 3)
პავლე მოციქულის ეს სიტყვები გვამცნობს ღვთის განკაცებას, იმას, რომ უფალი მრავალგზის და მრავალგვარად აუწყებდა ისრაელის ხალხს თავის ნებას თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით. მაგრამ უფალს კეთილენება, რომ მისი ნება გამოეცხადებინა და მისი ხატი გამოვლენილიყო მის მიერ, ვინც არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი ჰიპოსტასის ხატი – უფლის მხოლოდშობილ ძეს, რომელიც მოვიდა ქვეყნად, ხორცი შეისხა, განკაცდა, იცხოვრა ადამიანის ცხოვრებით, ივნო და იწვნია სიკვდილი ჩვენი ცოდვებისათვის და აღსდგა მკვდრეთით, რათა გაგვიხსნას აღდგომის გზა – გზა სიკვდილიდან სიცოცხლისკენ.
უფალი მოვიდა არა დიდებით, არამედ სიმდაბლით. ის დაიბადა არა მეფის სასახლეში, არამედ უბადრუკ სადგომში, ის ჩააწვინეს არა დიდებულ აკვანში, არამედ პირუტყვის ბაგაში. მაგრამ ადამიანებს ჩვენებით ეუწყათ, რომ მაცხოვარი იშვა. მწყემსებმა იხილეს ანგელოზები და ესმათ მათი ზეციური საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ (ლკ. 2:14). მწყემსებს ეუწყათ, რომ იშვა სოფლის გამომხსნელი, ისინი მივიდნენ ბეთლემში და თაყვანი სცეს ღვთაებრივ ყრმას – იესოს, რომელილიც იშვა კაცთა მოდგმის გამოსახსნელად. მერე კი მოგვებიც, რომელთაც ასევე გამოეცხადათ, რომ ბეთლემში მაცხოვარი იშვა, მივიდნენ და თაყვანი სცეს უფალ იესო ქრისტეს და მიართვეს მას ოქრო, გუნდრუკი და მური.
სიჩუმეში, მდუმარებასა და უპატიობაში იბადება უფალი იესო ქრისტე. მის გარშემო არ არის ადამიანთა სიმრავლე, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. მხოლოდ რამდენიმე ადამიანია – რაღაც გაუგებარი და საიდუმლოებით მოცული ადამიანები შორეული ქვეყნიდან, რომელთაც უფალმა გამოუცხადა, რომ ის ქვეყნიერების მხსნელია. ჩვენ ისიც არ ვიცით, რას საქმიანობდნენ ისინი და რატომ მაინდამაინც ისინი გამოარჩია უფალმა. და მწყემსებიც, რომლებიც ფარას მწყემსავდნენ და არ უფიქრიათ, რომ ოდესმე მათ შესახებ სახარებებში დაიწერებოდა და ორი ათასი წლის შემდეგ მათ მოიგონებდნენ მორწმუნე ქრისტიანები.
უფალმა წინასწარმეტყველთა მიერ წინასწარ გვამცნო თავისი ძის მოვლინება. ეს წინა უწყება მთელს ძველ აღთქმას გასდევს. შესაქმის წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უფალმა აუწყა ადამსა და ევას, რომ მათგან წარმოსდგება ნათესავი, რომელიც შემუსრავს გველის თავს. ეს – საიდუმლო მინიშნებაა მესიაზე, რომელიც მოვა, რათა ეშმაკი დაამარცხოს. ის გახდება ახალი ადამი, აღასრულებს იმას, რაც ვერ აღასრულა ადამმა და განკურნავს სრული ადამის ანუ ყოველი ადამიანის ყველა წყლულსა და სნეულებას.
იმავე დაბადებათა წიგნში ჩვენ ვკითხულობთ, როგორ ლოცავს მოხუცებული იაკობი თავის ვაჟებს და განსაკუთრებულ კურთხევას იუდას აძლევს. ის მბობს: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს. თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი“ (დაბ. 49:10-12). ეს ისევ და ისევ არის წინასწარმეტყველება მაცხოვარზე, რომელიც მოვა იმისთვის, რომ თავი თვისი დადოს და სისხლი თვისი დათნხიოს ქვეყნიერების გამოსახსნელად.
ჩვენ წაგვიკითხავს ესაია წინასწარმეტყველთან: „აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს“ (ეს. 7:14). ისრაელიანთა ყველა ეს წინასწარმეტყველება, მოლოდინი და იმედები სრულდება, როცა ქვეყნად იშვება უფალი მაცხოვარი.
დიახ, მას სულ სხვაგვარს ელოდნენ. ეგონათ, რომ მოვიდოდა ძლევამოსილი ხელმწიფე სამეფო გვარიდან, გამეფდებოდა ისრაელში, აღადგენდა დარღვეულ სამართალს, განდევნიდა ოკუპანტებს ისრაელის მიწიდან და მისი წყალობით ისრაელიანები გაბატონდებიან ყველა სხვა ხალხებზე. სწორედ ამიტომ, როცა ქრისტე საქადაგებლად გამოვიდა, ცოტამ თუ შეიცნო ის მესიად, ისრაელის ხალხმა კი უარყო იგი – ისინი სხვას ელოდნენ.
მაგრამ უფალს ენება მოსვლა არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი მსოფლიოს გამოხსნისათვის, კაცობრიობის მთელი ისტორიის შეცვლისათვის. რათა ახლაც, ორი ათასი წლის შემდეგ, ადამიანები თაყვანს სცემდნენ მას. და იქამდე, ვიდრე იარსებებს დედამიწა, ყოველი ტომი თაყვანის სცემს განკაცებულ უფალ მაცხოვარს, რომელიც გარდამოხდა ზეცით, რათა ყველას უჩვენოს ცხონების გზა და მარადიული სიცოცხლე უბოძოს თითოეულ ადამიანს. და ყველა ჩვენგანი თავისი ცხოვრებით, თავისი სულიერი გამოცდილებით ეზიარება ამ გამოხსნას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მოგვიტანა.
აი, რატომ აქვს ქრისტეს შობის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანისათვის. აი რატომ ვადიდებთ ქრისტეს შობის დღესასწაულზე მას, ვის შესახებაც მრავალგზის და მრავალგვარად ამოწმებენ წინასწარმეტყველები, და ვინც ჟამთა დასასრულს (რომელიც გრძელდება ორი ათასი წელია) მოგვევლინა, რათა გაეცხადებინა ჩვენთვის ხატი ღმრთისა.
ჩვენ ვევედრებით უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ბეთლემში იშვა, რომ ყოველთვის სუფევდეს ის ჩვენ შორის, გვიფარავდეს ყოველგვარი ბოროტისგან, და გვიძღოდეს ცხონებისა და მარადიული სიცოცხლისაკენ. ამინ
ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს!“.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური