
მოსკოვის საპატრიარქო
შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა












2022 წლის 2 იანვარს სანკტ-პეტერბურგის სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ახლად შესვენებული დეკანოზის ნიკოლოზ გუნდიაევის, მისი უწმინდესობის უფროსი ძმის, წესის აგება აღასრულა. მამა ნიკოლოზი 2022 წლის 30 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წესის აგების შემდეგ სასახლე მამა ნიკოლოზის ნეშტით სპასო-პრეობრაჟენსკის ტაძრიდან ალექსანდრე ნეველის წმინდა სამების ლავრაში გადაასვენეს, სადაც გამოთხოვების ცერემონიის მონაწილეებს, უწმინდესი პატრიარქი კირილეს მეთაურობით, დახვდნენ ლავრის წინამძღვარი კრონშტადტის ეპისკოპოსი ნაზარი და სავანის საძმო.
დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი დაიკრძალა ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაოზე.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ განსასვენებელი ლიტია შეასრულა თავისი ძმის საფლავზე. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი ა.დ. ბეგლოვი, სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი, ვიბორგისა და პრიოზერის ეპისკოპოსი ეგნატე, კრონშტადტის ეპისკოპოსი ნაზარი, ტიხვინისა და ლოდეინოპოლის ეპისკოპოსი მსტისლავი, გატჩინისა და ლუგის ეპისკოპოსი მიტროფანე, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის რექტორი პეტერგოფის ეპისკოპოსი სილუანე, სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს საეპარქიო სამმართველოს მდივანი დეკანოზი სერგი კუკსევიჩი, ქ, ჟენევის (შვეიცარია) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევი, უწმინდესი პატრიარქი კირილეს პირადი მდივანი არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი), სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს სამღვდელოება, ალექსანდრე ნეველის სავანის საძმო.
შესრულდა გალობა „საუკუნოდ იყავნ ხსენება“ ახლადშესვენებული დეკანოზი ნიკოლოზ გუნდიაევისთვის.
დაკრძალვის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ილოცა თავისი სულიერი მოძღვრის მარადსახსენებული მიტროპოლიტის ნიკოდიმის (როტოვი), მარადსახსენებელი მიტროპოლიტის ანტონისა (მელნიკოვი, 19.02.1924-29.05.1986) და მარადსახსენებელი მიტროპოლიტის იოანეს (სნიჩოვი, 09.10.1927-02.11.1995) საფლავებზე.
შემდეგ უწმინდესი მეუფე ეწვია ალექსანდრე ნეველის სავანის სამების ტაძარს, სადაც თაყვანი სცა კეთილმორწმუნე დიდი მთავრის ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილებს და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს „ნევის მსწრაფლშემსმენელი“. პატრიარქმა კირილემ ტაძარში შეკრებილთ სიტყვით მიმართა.
შემდეგ სანკტ-პეტერბურგის საეპარქიო სამმართველოს ლურჯ დარბაზში შესანდობარი ტრაპეზი გაიმართა. განსვენებული დეკანოზის ნიკოლოზ გუნდიაევის შესახებ მოგონებები საზოგადოებას გაუზიარეს სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ბარსანუფიმ, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ა.დ. ბეგლოვმა, ქ. სანკტ-პეტერბურგის ნიკოლოზის საზღვაო ტაძრის დეკანოზმა ბოგდან სოიკომ, პეტერგოფის ეპისკოპოსმა სილუანმა, ქ. სანკტ-პეტერბურგის მთავარ ვლადიმერის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ვლადიმერ სოროკინმა, სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს საეპარქიო სამმართველოს მდივანმა სერგი კუკსევიჩმა.
განსვენებულის სულის მოსახსენებელი ტრაპეზის მონაწილეებს მიმართა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა ახლადშესვენებული მამა ნიკოლოზის შესახებ, კერძოდ, მისი, როგორც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელთა მიტროპოლიტ ნიკოდიმისა (როტოვი) და მიტროპოლიტ იუბენალის (პოიარკოვი) ერთგული თანამოსაგრის საქმიანობის შესახებ: „მას არასოდეს უცდია რამე გამორჩენა მიეღო თავისი შრომის სანაცვლოდ, უშურველად, სრულიად უანგაროდ გასცემდა თავის ნიჭიერებას. ის ძალზე უყვარდათ მეუფე ნიკოდიმსა და მეუფე იუბენალს, რომლებმაც იცოდნენ, რომ მამა ნიკოლოზი თავისი კეთილსინდისიერებით და არა რაიმე სხვა მიზეზისა თუ სასყიდლის გამო შრომობდა დაუღალავად. ის უვერცხლო მუშაკი იყო, რომელმაც სრულად მიანდო თავი უფალს, ამიტომაც ვიგონებთ მას დღეს ამგვარად“.
„კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ლოცვით შესანდობარში მიიღო მონაწილეობა, კეთილი სიტყვით მოიგონა ჩემი ძმა, ჩემი საყვარელი ძმა დეკანოზი ნიკოლოზი, და მინდა გთხოვოთ, დღევანდელი დღით არ შემოიფარგლოს მისთვის ლოცვა. გთხოვთ, შეიყვანოთ ის თქვენს შინა და საეკლესიო ლოცვების მოსახსენებლებში, რათა უფალმა განუსვენოს თავის წიაღში მის ერთგულსა და მდაბალ მონას დეკანოზ ნიკოლოზს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!“ – თქვა დასასრულს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.
მოსახსენებელი ტრაპეზის შემდეგ უწმინდესი მეუფე სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტის ბარსანუფის, სანკტ-პეტერბურგის სამიტროპოლიტოს საეპარქიო სამმართველოს მდივნის სერგი კუკსევიჩის, ქ, ჟენევის (შვეიცარია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის და სხვა საულიერო პირების თანხლებით სანკტ-პეტერბურგის ბოლშეოხტინის სასაფლაოს ეწვია.
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ განსასვენებელი ლიტია აღასრულა თავისი ღვთისმოსავი მშობლების – დეკანოზ მიხეილისა და რაისა ვლადიმერის ასული გუნდიაევების საფლავებზე.
ბოლშეოხტინის სასაფლაოს მონახულების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მოსკოვს გაემგზავრა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021