
მოსკოვის საპატრიარქო
წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს




2021 წლის 29 დეკემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილე მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას გაუძღვა.
სხდომაზე შესვენების წინ წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს.
მისასალმებელი მიმართვა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველმა ვოსკროსენსკის მიტროპოლიტმა დიონისე გააჟღერა.
შემდეგ მიტროპოლიტმა დიონისემ მის უწმინდესობას საპატრიარქო კუნკული მიართვა.
კუნკულის დახურვის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა საპასუხო სიტყვაში მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს მილოცვისთვის:
„გულითადად მადლობას გიხდით, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, მეუფევ დიონისე, ამ სინოდალურ მიმართვაში გამოხატული კეთილი სიტყვებისთვის. ამ სიტყვებს თქვენი მხარდაჭერის გამოხატულებად მივიჩნევ, რომლის გარეშეც პატრიარქს სრულად და სრული პასუხისმგებლობით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მსახურება.
ეპისკოპატის მხარდაჭერა, რომელიც მე ვიგრძენი საპატრიარქო ტახტზე არჩევისას, თან მახლდა საპატრიარქო მსახურების მთელი წლების განმავლობაში, და არასოდეს არავითარი იმედგაცრუება არ ყოფილა, არავითარი სულიერი ჭმუნვა იმ შესაძლო სირთულეებთან დაკავშირებით, რაც საპატრიარქო ცხოვრებას ახლავს, იმიტომ რომ ეს სირთულეები არასოდეს უკავშირდებოდა ჩემდამი დამოკიდებულების შეცვლას – ეპისკოპატის, სასულიერო პირების მხრიდან, და, ვიმედოვნებ, მორწმუნე ხალხის მხრიდან. ვსაუბრობ ასე იმიტომ, რომ თანადგომას ვგრძნობ, ვგრძნობ ლოცვას და ვთხოვ ყველას – წმინდა სინოდის წევრებს, მუდმივსა და დროებითს, მთელ ჩვენს ეპისკოპატს, მთელ ჩვენს სასულიერო პირებს, მთელ ღვთის ერს, მონაწილეობა მიიღონ ჩემს მსახურებაში შრომით, პასუხისმგებლობის განაწილებით, და, რა თქმა უნდა, ლოცვით.
მე მწამს, რომ უფალი არ ტოვებს თავის ეკლესიას; არ დატოვებს მას ჩვენი ისტორიული ცხოვრების ამჟამინდელ რთულ ეტაპზეც. იმისდა მიუხედავად, რომ არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ეკლესიას არ ელოდება მარტივი ჟამი, – და ეს არც უნდა იყოს, თუ მომავალს ვუყურებთ ღვთაებრივი გამოცხადების შუქზე, – ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდად, სრული დარწმუნებით, უფლისადმი და მისი წმინდა ნებისადმი მინდობით განვაგრძოთ ჩვენი მსახურება, განვამტკიცოთ რწმენა და საეკლესიო ცხოვრება ჩვენს ხალხში. როდესაც ვამბობ „ჩვენს ხალხში“, ვგულისხმობ წმინდა რუსეთის (Святой Руси) ხალხს, ჩვენი ეკლესიის ყველა წევრს.
კიდევ ერთხე, გულითად მადლობას გიხდით თქვენ, ძვირფასო მეუფენო, თქვენი ლოცვებისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის, ჩემს მსახურებაში თანამონაწილეობისთვის და გთხოვთ, მომავალშიც არ მიმატოვოთ თქვენს ლოცვებსა და ჩემს მოკრძალებულ შრომის მხარდაჭერაში“.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური /
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021