
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზახეთის მოსახლეობისადმი ვიდეო მიმართვით გამოვიდა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის წინა დღეს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიდეო მიმართვა ჩაწერა.
მე-20 საუკუნის პოლიტიკური რეპრესიების მძიმე წლებში აქ, დიდ სტეპში, ათიათასობით პატიმარი და გადასახლებული ჩამოიყვანეს, რომლებიც სხვადასხვა ეროვნებასა და რელიგიას მიეკუთვნოდნენ. ეს მიწა უღვთო ხელისუფლებისგან დაზარალებული ათასობით მართლმადიდებელი ქრისტიანის აღმსარებლობის ღვაწლის ადგილად იქცა. 200-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც თავიანთი რწმენა დაამოწმეს, წმინდანთა დასში შეირაცხნენ. ყაზახეთის მიწა მათი შრომითა და ღვაწლით იკურთხა, რომელთა შესახებ ხსოვნასაც რუსეთის ეკლესია მოფრთხილებით ინახავს.
ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც ყოველთვის აქ საკუთარი ნებით არ მოდიოდნენ, ყაზახეთი ნამდვილად მეორე სახლად იქცა, რადგან ამ მიწის მცხოვრებლებს ჩამოსულთათვის არ ეშინოდათ დახმარების ხელი გაეწოდებინათ. სიკეთე და ადამიანობა ძლიერი იყო, ვიდრე სასჯელის შიში, და ეს სტუმართმოყვარეობა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა.
ახალგაზრდა ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის მისი პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევის მოღვაწეობა უდავოდ მნიშვნელოვანია. მისი აქტიური საქმიანობის, გონივრული და გაწონასწორებული პოლიტიკის, თანამოქალაქეების კეთილდღეობისადმი გულწრფელი ზრუნვის წყალობით შესაძლებელი გახდა რელიგიათაშორისი და ეროვნებათაშორისი თანხმობის ატმოსფეროს შექმნა. ნურსულთან აბიშის ძემ საფუძველი ჩაუყარა კარგ ურთიერთობას ეკლესიასა და სახელმწიფო ხელისუფლებას შორის ყველა დონეზე, და დღეს ეს პოლიტიკა წარმატებით ხორციელდება მოქმედი პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ ქემელის ძე ტოყაევის მიერ.
დღეს რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ყაზახეთში მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებელია. სასიხარულოა, რომ ქრისტეს შობის დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით დასვენების დღეა.
ასევე მინდა აღვნიშნო მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა კონგრესის გამართვა ყაზახეთში. ეს ასევე შესაძლებელი გახდა იმ დიდი ყურადღებიდან გამომდინარე, რასაც სახელმწიფო ხელისუფლება რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარებას უთმობს.
გულში ვიმარხავ ყაზახეთის მიწაზე სტუმრობის ხსოვნას და მის ყველა მცხოვრებს ვუსურვებ მტკიცე მშვიდობას, მშვიდობიან განვითარებას, ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გამრავლებას. იყავით ყველა ჯანმრთელი და ღვთისგან დაცულნი!
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
21.11.2021
17.10.2021