
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა მიწაზე ქრისტიანების ყოფნას საფრთხე ემუქრება, რამაც შეუძლებელია შეშფოთება არ გამოიწვიოს რუსეთის ეკლესიაში
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი „რია-ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში წმინდა მიწაზე ქრისტიანების არსებობისათვის შექმნილი საფრთხის შესახებ იერუსალიმის ეკლესიების მეთაურთა გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
- იერუსალიმში, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს ინიციატივით, წმინდა მიწაზე ქრისტიანობის შენარჩუნების დასაცავად ცოტა ხნის წინ აქცია გაიმართა. რამდენიმე დღის შემდეგ ამავე თემაზე იერუსალიმის ქრისტიანული ეკლესიების მეთაურებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. რასთანაა დაკავშირებული ასეთი შეშფოთება?
- იერუსალიმი – უნიკალური ქალაქია, ის წმინდაა სამი რელიგიისთვის. მისი დაუფლებისთვის საუკუნეების მანძილზე მრავალი ომი იმართებოდა, ბევრი ბრძოლა და მტრობა იყო. საბოლოო ამ რთული პროცესის შედეგად მივიღეთ არა ერთ-ერთი მხარის გამარჯვება, არამედ ძალთა გარკვეული დაბალანსება, რასაც არაერთი თაობის სიცოცხლე და ტანჯვა შეეწირა. ამიტომ ამ ბალანსის დარღვევამ შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.
იერუსალიმი ისტორიულად კვარტლებად იყოფა: ქრისტიანული, მუსულმანური და იუდეური. იერუსალიმის საპატრიარქო მრავალი წელია ცდილობს, დაუპირისპირდეს ქრისტიანულ კვარტალში იაფოს კარიბჭესთან მისი კუთვნილი უძრავი ქონების ერთ-ერთი რადიკალური ჯგუფის მიერ უკანონო გაყიდვას. ფაქტიურად საუბარი მიდის არა მხოლოდ წმინდა საფლავთან თავისუფალი მისასვლელის შესაძლო დაკარგვაზე, რომლისკენაც გზა იაფოს კარიბჭედან იწყება, არამედ იერუსალიმში ქრისტიანობის შენარჩუნების საფრთხეზე. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რამაც შეიძლება სტატუს-კვოს დაკარგვა და ქალაქიდან, რომელიც ქრისტიანობის აკვანია, ქრისტიანების თანდათანობითი განდევნა გამოიწვიოს. ეს ყველა ქრისტიანისთვის საერთო პრობლემაა, და არა მხოლოდ მართლმადიდებელთათვის. სწორედ ამიტომ, უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს წმინდა მიწის ყველა ქრისტიანული ეკლესიის მეთაურმა დაუჭირა მხარი.
- რამდენად შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ცვლილებებმა და საფრთხეებმა, რაზეც თქვენ საუბრობთ, რუსეთსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე?
- დიპტიქში იერუსალიმისა და რუსეთის ეკლესიებს მეზობელი ადგილები უკავიათ: იერუსალიმის ეკლესია მასში მეოთხე ადგილზეა, რუსეთის კი მეხუთეზე. მაგრამ ჩვენი ეკლესიების სიახლოვე აიხსნება, რა თქმა უნდა, არა ამით, არამედ იმით, რომ რუსეთში ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ იერუსალიმის ეკლესიას, რომელიც ყველაზე პირველი დაარსდა და წარმოადგენს ყველა ეკლესიის დედას და, რა თქმა უნდა, უფალი იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ სიწმინდეებს, რომელთა დამცველიც საუკუნეების მანძილზე იყო და რჩება იერუსალიმის ეკლესია.
რუსეთში წმინდა მიწაზე მომლოცველობის ტრადიცია თითქმის ერთდროულად ქრისტიანობის მიღებასთან ერთად წარმოიშვა. ასწლეულების მანძილზე ბევრი ჩვენი წინაპარი ცდილობდა იერუსალიმში მოხვედრას, წმინდა საფლავის თაყვანისცემას, წმინდა ადგილების მოლოცვას. რუსეთის მმართველები ქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებაში დახმარებას ყოველთვის თავიანთ მოვალეობად მიიჩნევდნენ.
წმინდა მიწაზე ქრისტიანების ყოფნისთვის შექმნილმა ამჟამინდელმა საფრთხემ შეუძლებელია შეშფოთება არ გამოიწვიოს რუსეთის ეკლესიაში. ჩვენ სრულად ვიზიარებთ იერუსალიმის პატრიარქის შეშფოთებას და მასთან ერთად მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, გააკეთოს ყველაფერი შესაძლებელი იერუსალიმის ქრისტიანული თემის დასაცავად, უპასუხოს წმინდა მიწის ეკლესიების მეთაურთა მოწოდებას და შექმნას სპეციალური ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ზონა ძველ ქალაქში ქრისტიანული კვარტალის უნიკალური იდენტურობის შესანარჩუნებლად.
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021