მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს
















2021 წლის 5 დეკემბერს სულთმოფენობიდან 24-ე კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ბოლშაია ორდინკაზე.
მწყემსთმთავარს თანამსახურებდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, არქიმანდრიტი სერაფიმე (შემიატოვსკი), ტაძრის კლირიკოსები.
ლიტურგიაზე მრჩობლ კვერექსზე აღვლენილ იქნა კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ლოცვითი ვედრება.
შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც იკითხება მავნე სნებათა ჰაერით განფენისას.
ღვთისმსახურებაზე ასევე ლოცვები აღევლინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ალექსი II-სთვის. 2021 წლის 5 დეკემბერს მისი გარდაცვალებიდან 13 წელი აღინიშნება.
ლიტურგიის დასასრულს მეუფემ დამსწრეებს მწყემსთმთავრული სიტყვით მიმართა:
„სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა!
ლუკას სახარების დღევანდელ საკითხავში უგუნური მდიდრის შესახებ მოვისმინეთ იგავი – კაცზე, რომელმაც დიდი მოსავალი მოაგროვა და არ იცოდა, მარცვალი სად მოეთავსებინა. „დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი. და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ“ (ლუკა 12, 18-19), – შესძახა მდიდარმა. „ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?“ (ლუკა 12:20).
ეს იგავი ეხება არა მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმას, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი საკუთარ ცხოვრებას და როგორ ეპყრობა ის სხვა ადამიანებს. ადამიანის კეთილდღეობა დიდწილად სხვადასხვა გარემოებებზეა დამოკიდებული: მის ნიჭებზე, მონაცემებზე, შესაძლებლობებზე, იმაზე, თუ ვინ იყვნენ მისი წინაპრები, რა მიიღო მათგან მემკვიდრეობით, იმაზე თუ მისი გარემო როგორ ჩამოყალიბდა. მაგრამ ღმერთი განსჯის არა იმის მიხედვით, თუ რა მიიღო ადამიანმა, არამედ იმით, რაც მან გასცა, რადგან უფალი მოგვიწოდებს მოყვასის სიყვარულისკენ – ვემსახუროთ მათ და მივცეთ ჩვენი მატერიალური სახსრები, და ჩვენი გული, და ჩვენი დრო.
თუ ადამიანი სხვებისთვის ცხოვრობს, მაშინ მასზე თავად უფალი ზრუნავს. და თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ჭამოს, დალიოს და გაერთოს, მაშინ ასეთი ადამიანების ნაწილს ხშირად მოულოდნელი სიკვდილი ეწვევა ან ცოდვების გამო მოულოდნელი საზღაური. ყველაფერი, რასაც ისინი აგროვებენ, მტვრად იფანტება.
ჩვენს დროში ბევრი ადამიანი ფულს ბანკში ინახავს. ადამიანი აგროვებს ფულს, ითვლის, ყოველდღე ხარობს იმით, თუ როგორ იზრდება მის ანგარიშებზე თანხა, და მერე ხდება ისე, რომ ბანკს, რომელშიც ის საკუთარ ფულს ინახავდა, სანიტარიას უტარებენ ან ამ ბანკის კოლაფსი ხდება. მაშინ კი მთელი ფული, რაც მან დააგროვა, მტვრად იფანტება. ბანქოს სახლივით იშლება, – იშლება და ამ ადამიანს აღარაფერი რჩება...
ჭკვიანი ადამიანები ფულის შენახვას სხვადასხვა ბანკში და სხვადასხვა ვალუტაში გვირჩევენ. ეს, რა თქმა უნდა, ამცირებს რისკებს, მაგრამ თუ ადამიანს მძიმე ავადმყოფობით უფალი მიაკითხავს ან მას სიკვდილი ეწვევა, რა ვალუტაშიც არ უნდა ჰქონოდა თავისი ფული შენახული, რომელ ბანკშიც არ უნდა მოეთავსებინა ისინი, ამას მაინც ვერაფერს უშველის.
„ალბათ ზოგიერთმა თქვენგანმა უყურა ფილმს „ტიტანიკი“, რომელიც ოცი წლის გამოვიდა დიდ ეკრანებზე. ფილმში არის ასეთი სცენა: გემი უკვე იძირება და ერთი კაცი ცდილობს თავისთვის ნავში ადგილი გამონახოს. ის დოლარების შეკვრას აძლევს სხვა ადამიანს, რომელზეც დამოკიდებულია, ჩასვამს თუ არა მას ნავში, მაგრამ ის ფულს ნავიდან ყრის. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ ფულს უკვე აღარ აქვს ღირებულება იმ სიტუაციაში, როცა ყველაფერი ფსკერზე მიდის, როცა ნახევარ საათში ან ორმოც წუთში გემიც და ის ადამიანიც, რომელსაც დოლარების შეკვრას სთავაზობენ, ჩაიძირებიან“.
ამ ქვეყანაზე ყველა მატერიალურ სიმდიდრეს მხოლოდ შედარებითი ღირებულება აქვს. ისინი ღირებული ხდებიან მაშინ, როცა სხვა ადამიანებთან შეგვიძლია მათი გაზიარება. და თუ ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ფიქრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოს და გაზარდოს ეს საშუალებები საკუთარი თავისთვის, მაშინ ადრე თუ გვიან მას ანგარიშგება მოუწევს. მას მოუწევს საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდეს იმაში, რომ ვერანაირი მატერიალური სიმდიდრე ვერ იხსნის მას ვერც ავადმყოფობისგან, ვერც სიკვდილისგან, ვერც განსაცდელებისგან და ვერც მწუხარებებისგან, რომლებიც შეიძლება ღმერთმა დაუშვას.
თუ ის თავის სიმდიდრეს სხვა ადამიანების სასიკეთოდ იყენებს, მაშინ უფლის სხვა იგავის თანახმად, უსამართლო სიმდიდრით თავისთვის მეგობრებს იძენს. სხვა სიტყვებით, ყველაფერს, რაც მას ღმერთისგან მიეცა, ის სხვებს გაუზიარებს და ამით თავისთვის მეგობრებს შეიძენს, რომლებიც, მაშინ როცა ის სხვა სამყაროში გადავა, მას იქ შეხვდებიან და ღვთის წინაშე უშუამდგომლობენ. აი, რას შეგვახსენებს ჩვენ დღევანდელი იგავი.
დღეს ასევე არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის ალექსი II-ის გარდაცვალების წლისთავი, და ჩვენ მიცვალებულთა ლოცვა აღვასრულეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მარადსახსენებელი წინამძღვრისთვის.
მე პატრიარქ ალექსის პირადად ვიცნობდი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მღვდელმონაზონი ადგილობრივ კრებაში ვმონაწილეობდი, რომელმაც ის პატრიარქად აირჩია. და მე ჩემი ხმა სწორედ მას მივეცი და არა სხვას. შემდეგ, უკვე წლების გასვლისას, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში მუშაობისას, მე მქონდა მასთან პირადი ურთიერთობის საშუალება. პატრიარქი ალექსი წარმიძღვა იერარქიულ მსახურებაზე. ის მეხმარებოდა რთულ ვითარებებში, რომელშიც ჩემი საეპისკოპოსო ქიროტონიის შემდეგ მალევე აღმოვჩნდი. ის ყოველთვის ყურადღებიანი იყო, ყოველთვის იცოდა, რა ხდებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეულ ეპარქიაში, მათ შორის შორეულ ეპარქიებშიც. როცა ეპისკოპოსი გავხდი, ავსტრიისა და უნგრეთის ეპარქიებს ვმართავდი, საშუალება მქონდა უწმინდეს პატრიარქთან მესაუბრა იმაზე, რაც იქ ხდებოდა, და ის მე ყოველთვის დიდი ყურადღებით მომისმენდა და რჩევებს მაძლევდა.
ჩვენ დღეს უწმინდეს პატრიარქ ალექსის ვიხსენებთ, როგორც პიროვნებას, რომლის სახელთანაც რუსეთის ეკლესიის აღორძინებაა დაკავშირებული, რომელიც დღემდე გრძელდება. უწმინდესი პატრიარქის ალექსის დროს ჩვენი ეკლესიის განვითარებამ მოიპოვა ის სიჩქარე, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს: ყოველწლიურად იგება ან ხელახლა შენდება ასობით ეკლესია – საშუალოდ წელიწადში ათასი, ანუ დღეში სამი ეკლესია, როგორც ჩვენ ვამბობთ. და ეს იმიტომ კი არა, რომ ვიღაც ასეთ ამოცანას აყენებს – მაქსიმალურად განავრცოს ეკლესიები, არამედ იმიტომ, რომ ხალხი ამას მოითხოვს, რადგან ხალხს სურს, რომ ეკლესიები იყოს არა მხოლოდ სადღაც შორს, არამედ მათი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე.
ჩვენ სიყვარულითა და მადლიერებით ვიხსენებთ უწმინდეს პატრიარქ ალექსის, როგორც პიროვნებას, რომლის დროსაც დაიწყო და გაგრძელდა რუსეთის ეკლესიის მთელ სივრცეში საეკლესიო ცხოვრების განვითარება და აღორძინება.
დაე უფალმა მიანიჭოს მას მარადიული ხსენება, მიუტეოს ნებსითი და უნებლიე ცოდვები, ჩვენ კი რუსეთის ეკლესიის ამ წინამძღვრის მადლიერ ხსოვნას გულებში დავიმარხავთ.
ყველა თქვენგანს გილოცავთ დღესასწაულს, და დაე უფალმა ყველა თქვენგანი დაიფაროს!“
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური