
მოსკოვის საპატრიარქო
მექსიკაში მოსკოვის საპატრიარქოს ახლადშექმნილმა სამრევლომ თავისი წინამძღვრის 75 წლის იუბილე ლოცვით აღნიშნა

2021 წლის 19-22 ნოემბერს, აშშ-სა და კანადაში საპატრიარქო სამრევლოების დროებითი მმართველის, სუროჟის ეპისკოპოსის მათეს ლოცვა-კურთხევით, ნიუ-იორკის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის კლირიკოსებმა იღუმენმა ნიკოდიმმა (ბალიასნიკოვი) და მღვდელმა მარკოზ რაშკოვმა მექსიკის ქალაქ კანკუნის ახლადჩამოყალიბებულ სამრევლოში სამწყემსო ვიზიტი განახორციელეს.
შაბათს, 20 ნოემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75-ე წლისთავის აღნიშვნის დღეს, ქრისტეს აღდგომის სახელობის ადგილობრივ ტაძარში კათოლიკური ეპარქიის მეთაურის ეპისკოპოს პედრო პაბლო ელიზონდო კარდენასის ნებართვით, მართლმადიდებლური ღვთისმსახურება შესრულდა. საღმრთო ლიტურგიაზე კანკუნის მართლმადიდებელი მოსახლეობა ლოცულობდა და ეზიარა ქრისტეს წმიდა საიდუმლოებს.
ღვთისმსახურების დროს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისთვის მრჩობლი ლოცვები აღევლინა. მიცვალებულთა კვერექსზე კი უწმინდესი პატრიარქის ღვთისმოსავი მშობლები, დეკანოზ მიქაელი და დედა რაისა იქნენ მოხსენიებულნი, ასევე მარადსახსენებელი მიტროპოლიტი ნიკოდიმი (როტოვი) – მისი უწმინდესობის სულიერ მოძღვარი.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილესთვის მრავალჟამიერი გაჟღერდა.
წყლის კურთხევის მსახურების შემდეგ სასულიერო პირების შეხვედრა შედგა მორწმუნეებთან, რომლის ფარგლებშიც სამრევლოს ცხოვრების შემდგომი მოწყობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
***
ორი წლის წინ ქალაქ კანკუნის (მექსიკა) მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს თხოვნით მიმართა, დაელოცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს მოწყობის მათი განზრახვა. მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთული დაწესებულებების სამმართველომ აშშ-ში საპატრიარქო სამრევლოების დროებით მმართველს სუროჟის ეპისკოპოსს მათეს დაავალა, დახმარება გაეწია საეკლესიო თემის წევრებისთვის რეგულარული ღვთისმსახურების ორგანიზებაში, და ასევე შეესწავლა სამრევლოს გახსნის შესაძლებლობა.
2019 წელს ეპისკოპოს მათეს ლოცვა-კურთხევით მექსიკაში საფარველის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი კირილე ჩაკონი არაერთხელ ეწვია კანკუნის მორწმუნეთა თემს, სადაც ჩეტუმალის და კანკუნის ეპისკოპოსის პედრო პაბლო ელიზონდო კარდენასის მიერ თავაზიანად დათმობილ ადგილობრივ კათოლიკურ ტაძარში აღასრულა საღმრთო ლიტურგია, საიდუმლოებები და საეკლესიო კურთხევანი.
2020 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, სუროჟელი ეპისკოპოსის მათეს ლოცვა-კურთხევით, კანკუნის საპატრიარქოს აშშ-ის სამრევლოების კანცელარიის ხელმძღვანელი მღვდელი მარკოზ რაშკოვი ეწვია, რომელმაც მღვდელ კირილე ჩაკონის თანამსახურებით საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმის წეს-განგება აღასრულა.
2021 წლის 8 მაისს, ბრწყინვალე შაბათს, მღვდელმა მარკოზ რაშკოვმა კანკუნის ქრისტეს აღდგომის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რის შემდეგაც მან საპასექო ნუგბარი აკურთხა და მორწმუნეებს ნიუ-იორკიდან ჩამოტანილი არტოსი დაურიგა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობის
საიტის ინფორმაციის მიხედვით
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021