მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: კორონა ვირუსის გამო ჩვენ ყოველდღი…

მიტროპოლიტი ილარიონი: კორონა ვირუსის გამო ჩვენ ყოველდღიურად დაახლოებით ათას ადამიანს ვკარგავთ


2021 წლის 23 ოქტემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს დრო ტელეარხ „Россия 24“-ზე. აქ ჩვენ ყოველ კვირას კითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მოგესალმებით, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: მეუფევ, 15 ოქტომბერს ქვეყანაში მოსახლეობის საყოველთაო რუსული გამოკითხვა დაიწყო. ამ ანკეტაში რამდენიმე ათეული კითხვაა. უნდა ითქვას, რომ ბოლო ასეთი ვრცელი გამოკითხვა 2010 წელს ჩატარდა. კითხვები ძალიან განსხვავებულია: ისინი ეხება საცხოვრებელ პირობებს, განათლების დონეს, ოჯახის სტრუქტურას, ეროვნებას, მაგრამ ამ კითხვარში რწმენის აღმსარებლობის შესახებ კითხვები ვერ ვიპოვე. რას ფიქრობთ ამ ანკეტის კითხვებზე? იცნობთ მათ და რომელს დაამატებდით?

მიტროპოლიტი ილარიონი: ვფიქრობ, რომ ანკეტაში მართლაც ბევრი კითხვაა და ბევრი მათგანი არ ეხება ადამიანს, არამედ, მაგალითად, ადგილს, სადაც ის ცხოვრობს, რა მასალისგან არის დამზადებული მისი სახლის კედლები და ა.შ. ალბათ, ასეთი კითხვები აუცილებელია საბინაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ამას ასე ექსპერტები განმარტავენ. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებს, მაგრამ რამდენადაც მე მესმის, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებელი არ არის.

ახლა მე ბევრად უფრო სხვა რამ მაწუხებს: ის, რომ ჩვენ ყოველდღიურად თითქმის ათას ადამიანს ვკარგავთ. ახლა ჩვენ აღვწერთ მოსახლეობას, მაგრამ გავა რამდენიმე თვე, და ამ მოსახლეობის ნაწილს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ამჟამად ყველა ძალა ამისკენ უნდა იყოს მიმართული. ჯანდაცვის სისტემა რეზინის არაა. საავადმყოფოები ახლა გადატვირთულია. ჩემს ნაცნობებს ბავშვის საავადმყოფოში გაგზავნა სურდათ მუცლის საკმაოდ ჩვეულებრივი დაავადებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსკოვის საავადმყოფოებში ადგილი არ იყო. მათ შესთავაზეს ბავშვის სერგიევო პოსადში წაყვანა. ანუ ბავშვები და მოზარდები ავადდებიან, ადამიანები კვდებიან. ჩვენ მუდმივად ვარღვევთ ანტი-რეკორდებს ავადობის მხრივ, სიკვდილიანობის მხრივ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამასთან უნდა გავაწყოთ რამე.

ე. გრაჩევა: ანუ თქვენ ფიქრობთ, მეუფევ, რომ შესაძლებელია ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს, რათა შემცირდეს სამედიცინო პერსონალზე და საავადმყოფოებზე დატვირთვა. სწორად გავიგე?

მიტროპოლიტი ილარიონი: სწორად გესმით. არ ვთვლი, რომ ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის სავალდებულო უნდა გახდეს მუშაკთა ძალიან ბევრი კატეგორიისთვის – მათთვის, ვინც სხვა ადამიანებთან მუშაობს. თუ არ გსურს ვაქცინაცია – დარჩი სახლში, არ გახვიდე გარეთ, არ გახდე ინფექციის პოტენციური წყარო სხვა ადამიანებისთვის. თუ რაიმე სახის საშინაო სამუშაო გაქვს, მაგალითად, შენ – მწერალი ხარ, შეიძლება, შენთვის არ არის სავალდებულო ვაქცინაცია. მაგრამ თუ სოციალურ სფეროში მუშაობ, თუ მასწავლებელი ხარ, თუ შენი პროფესია ადამიანებთან მუდმივ კონტაქტს უკავშირდება, მაშინ, მე მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.

ამასთანავე, ვფიქრობ, რომ საჭიროა ყურადღებით განიხილოს ადამიანების ვაქცინაციის წახალისების მექანიზმები. ვაქცინაცია ხდებოდა და ხდება უფასოდ, ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ბევრს არ სურს აცრა, და ახლა ვხედავთ რა ხდება ჩვენ ირგვლივ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საგანგაშო, სავალალო და ტრაგიკული მდგომარეობაა. ჩვენ, მღვდლები ამას ყოველდღიურად ვაწყდებით. გვწერენ: ადამიანი ავად გახდა – გთხოვთ, ილოცოთ, შემდეგ წერენ, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხელოვნური სასუნთქვის აპარატს მიაერთეს და მერე განსვენებულისთვის ლოცვას ითხოვენ... ჩვენ ეს ახლა ყოველდღე გვესმის.

ე. გრაჩევა: მეუფევ, თქვენმა განცხადებას ერთ-ერთ გასულ გადაცემაში იმის შესახებ, რომ რუსეთში ვაქცინაციის კამპანია ჩაიშალა, ფართო რეზონანსი მოჰყვა. კომენტარებში ბევრი სვამს კითხვას, როგორია აცრილების სტატისტიკა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუშაკებს შორის, მღვდლებს შორის? ვინმე საერთოდ ხედავს ამას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მღვდლებსა თუ მრევლში ვაქცინაციის შესახებ სპეციალურ სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროცენტულობა დაახლოებით იგივეა, რაც ზოგადად საზოგადოებაში. რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, მთლიანად საზოგადოებაში მოსაზრება 50 - 50-ზე იყოფა, ანუ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი აცრილია, ან მზად არის ამისთვის, ან იყვნენ ავად და ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა აქვთ. ხოლო მეორე ნახევარი – ეს არიან ადამიანები, რომლებსაც რაიმე პრინციპული მიზეზის გამო არ სურთ ვაქცინაცია და ეს მოსაზრებები ზოგჯერ ყველაზე უაზროა. მაგალითად, ვრცელდება მითები, რომ ამ ვაქცინისგან მამაკაცი იმპოტენტი გახდება, რომ ქალი ვერ შეძლებს მშობიარობას, რომ ვაქცინაციას ექნება გარკვეული გრძელვადიანი, საშიში და საშინელი შედეგები. ადამიანები თვალს ხუჭავენ იმაზე, რაც ირგვლივ ხდება, როცა გარშემომყოფები ერთი მეორის მიყოლებით სიცოხლეს ტოვებენ, ამასთან უმძიმეს ვითარებაში კვდებიან: იხრჩობიან, ახლობლებს ვერ ემშვიდობებიან... ანუ როგორც ამბობენ, ჩემს მტერს არ ვუსურვებ ასეთ სიკვდილს, მაგრამ ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ და თან რაღაც მითებით იკვებებიან.

ე.გრაჩევა: მღვდლებისთვის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს თუ არა?

მიტროპოლიტი ილარიონი: პირადად მე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რადგან ისინი ძალიან ბევრ ხალხთან არიან მუდმივ კონტაქტში. რა თქმა უნდა, გარდა, იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს რაიმე სამედიცინო უკუჩვენებები. მაგრამ ჩვენს ეკლესიაში, ისევე როგორც მთლიანად სახელმწიფოში, ისეთი მიდგომაა მიღებული, რომ ჩვენ სასულიერო პირებს ვაქცინაციას არ ვავალდებულებთ.

ე.გრაჩევა: მეუფევ, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ნოემბერში დაგეგმილი სამღვდელთმთავრო კრება მომავალი წლის მაისის ბოლოსთვის გადაიდო. ამ კრებისგან არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ელოდებოდნენ, კერძოდ, „ეკატერინებურგის ნაშთების“ აღიარებას. ამასთან დაკავშირებით როგორ იქნება საქმე?

მიტროპოლიტი ილარიონი: ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ნოემბერში ვერ მივიღებთ, მომავალი წლის მაისში მივიღებთ, თუ ღვთის ნებით, ეპიდემიური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. მაშინ, ალბათ, მიღებულ იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელთა მიღებაც ნოემბერში იყო დაგეგმილი.

საგამოძიებო კომიტეტმა უკვე მასალების სამი ტომი გამოსცა, რომელიც „ეკატერინებურგის ნაშთების“ შესწავლის ფარგლებში შეგროვდა. პირველი კვლევისგან განსხვავებით, რომელიც 90-იან წლებში ნაჩქარევად ჩატარდა, რომელშიც ეკლესია არ დაუშვეს, რის გამოც ეჭვი და გაკვირვება გაჩნდა, ამჟამინდელი კვლევა ამომწურავ ხასიათს ატარებს. სხვადასხვა ლაბორატორიებში, მათ შორის ისეთებშიც, სადაც არავინ იცოდა, რომ ის სახის ძვლის ქსოვილის ნიმუშები იყო, 40-ზე მეტი სხვადასხვა ტესტი ჩატარდა, მათ შორის გენეტიკური. საგამოძიებო კომიტეტის დასკვნები საკმაოდ ერთმნიშვნელოვანია. სინოდის წევრები უკვე გააცნეს ამ დასკვნებს, ხოლო ამ სამი ტომის გამოცემის შემდეგ ისინი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

ჩატარდა ძალიან შრომატევადი, სკრუპულოზური და ფაქტობრივად ამომწურავი სამუშაო. ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ გავეცნოთ მის შედეგებს და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

ე.გრაჩევა: მეუფევ, საერთაშორისო თემებზე გადავიდეთ. კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ამ კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება ვიზიტით, სადაც მას პირადი შეხვედრა აქვს დაგეგმილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. რა არის კონსტანტინეპოლის პატრიარქის ამ ვიზიტის მიზანი? რას ელით მისი შედეგების მიხედვით?

მიტროპოლიტი ილარიონი: პირველ რიგში, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ძირითადი სამწყსო სწორედ ამერიკაშია. თურქეთში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პრაქტიკულად მორწმუნეები აღარ დარჩა, ხოლო ამერიკაში არის სოლიდური ბერძნული დიასპორა, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქის სამწყსოა და ფინანსურად უჭერს მხარს, და ფაქტიურად კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ინახავს.

გარდა ამისა, ამერიკის ადმინისტრაცია მრავალი წლის განმავლობაში კონსტანტინეპოლს პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, მათ შორის იმ ამბიციურ გეგმებში, რომლებიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს გამოაქვს და ნაწილობრივ ახორციელებს. ეს გეგმები დაიყვანება იქამდე, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში კონსტანტინეპოლის პატრიარქის როლი საპატიო პირველობიდან კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ ერთგვარ პაპის ავტორიტეტის მსგავსად გადაიქცა. აი, რით არის ყველაზე მეტად თავად კონსტანტინეპოლის პატრიარქი შეწუხებული. ეს მისი საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში შეინიშნება.

ე. გრაჩევა: ქსენია სობჩაკმა თავის YouTube-ის არხზე ფილმი გამოაქვეყნა სკანდალურად ცნობილი მღვდლის რომან სტეპანოვის მონაწილეობით. იგი ცნობილი გახდა იმით, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს მოუწოდებდა, მათი შემოსავალი და ქონება გაესაჯაროებინათ. კონკრეტულად ამ ინტერვიუში ის სობჩაკს უყვება მღვდლების მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, მღვდლების მიერ არასრულწლოვანთა გაუპატიურების შესახებ. ნახეთ თქვენ ეს ინტერვიუ? როგორ შეაფასებდით მას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვნახე ეს ინტერვიუ. მოდი ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ. ის საუბრობს არა მღვდლების მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე, არამედ იმაზე, თუ თავად როგორ მოიხმარდა ნარკოტიკებს. რაში მდგომარეობს, სინამდვილეში ვიდეო პროდუქტი, რომელიც ქსენია სობჩაკმა მოამზადა? მან იპოვა მღვდელი, რომელსაც მღვდელმსახურება აქვს აკრძალული. რატომ აქვს აკრძალული? არა იმიტომ, რომ მან მოწოდება გააკეთა შემოსავლების გასაჯაროვებაზე, არამედ იმიტომ, რომ დაარღვია მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონიკური წესები.

არსებობს ფუნდამენტალური დებულება, რომ მღვდელი უნდა იყოს ერთადერთი ქორწინებით შეუღლებული. თუ მღვდელს ქორწინება დაერღვა, ის შეიძლება ან მონაზონი გახდეს, ან შეიძლება ცელიბატად დარჩეს, ან თუ მეორე ქორწინებაში შევა, მაშინ სამვდელო ხარისხი ჩამოერთმევა – ეს საყოველთაოდ მიღებული წესია, რომლიდანაც გამონაკლისი არ ხდება. ხელთდასხმის შემდეგ ამ მღვდელს ოჯახი დაენგრა – ეს, რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული ტრაგედიაა, მაგრამ ასეთ ცხოვრებისეულ ტრაგედიას თითოეული მღვდელი განსხვავებულად პასუხობს. ამ მღვდელმა სხვა ქალთან დაიწყო თანაცხოვრება, ამასთანავე მასთან ერთად ნარკოტიკებს მოიხმარდა, რაზეც თავად ძალიან შეფერადებულად საუბრობს. მერე ამ ქალისგან ქალიშვილი შეეძინა. ის მასაც დაშორდა და ახლა მესამე ქალთან შევიდა თანაცხოვრებაში.

ე.გრაჩევა: უბრალოდ – „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კაზანოვა“...

მიტროპოლიტი ილარიონი: ის ამ ფილმში საუბრობს ამ ყველაფერზე, აჩვენებს ამ ქალებს. ამიტომ, თუ მას მარტინ ლუთერს შევადარებთ, მაშინ, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავუსვათ ის კითხვა, რომელიც ქრისტემ თავის ოპონენტებს დაუსვა: „რაჲსა ჰხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა თჳსსა არა განიცდი?“ (ლკ. 6:41). რის საფუძველზე და რა უფლებით უნდა ამხილოს სხვები ადამიანმა, რომელმაც დაარღვია ის ძირითადი წესები, რომლებიც სასულიერო პირთან მიმართებით მოქმედებს?..

ბევრი რამ ამ ფილმში სრულიად დაუსაბუთებელია. მაგალითად, ვიღაც ქალი მავან მღვდელს შევიწროებაში ადანაშაულებს. რატომ უნდა დავუჯეროთ ჩვენ ამ ქალს? რომან სტეპანოვი ამ მღვდლის ტაძარში კამერით მიდის, მისდევს მას, უწყებს მას ლაპარაკს, ეუბნება, რომ მან უნდა მოინანიოს, აღიაროს. ან იქნებ ის მღვდელი არაფერში არაა დამნაშავე? თუ დამნაშავეა, დაე ამაში საგამოძიებო ორგანოები გაერკვიონ. მაშინ ეს ქალი რატომ არ უჩივის სასამართლოში, რატომ არ მიმართავს პროკურატურას? მთელი ეს ფილმი სწორედ ასეთ სრულიად დაუსაბუთებელ სიცრუეზეა აგებული.

არასრულწლოვან ბავშვების მიმართ ძალადობაზე საუბრისას, ეს მღვდელი ისევ საკუთარ თავთან მიმართებაში საუბრობს. ის ყვება, ოდესღაც როგორ დაესხნენ მას, ხუთი წლის ბიჭს, გაცილებით უფროსი ასაკის ბავშვები და გააუპატიურეს. ეს არის ტრავმა, რომელიც მან გადაიტანა, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას ეკლესიის ცხოვრებასთან, სრულიად გაუგებარია.

ანუ გამოდის, რომ ადამიანს უამრავი პირადი პრობლემა აქვს: ის იყო ნარკომანი, ახლა ეტყობა „შეეშვა“; მან დაარღვია ცოლქმრული ერთგულება, უკვე ცხოვრობს მესამე ქალთან, ჯერ კიდევ მღვდელია და ამასთანავე პრობლემებს ეძებს არა საკუთარ თავში, არამედ გარშემო არსებულ სამყაროში. რა თქმა უნდა, ასეთმს პრობლემურმა ადამიანმა, რომელსაც ცხოვრებაში ამდენი ტრაგედია და ნაკლოვანება ჰქონდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე კარგი დაინახოს არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ზოგადად თავის გარშემო.

ე. გრაჩევა: ვიღაცამ სობჩაკის ამ გამოშვებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი დაწერა: „ბოლოს და ბოლოს ის ხომ უფალმა სიკვდილისგან იხსნა, და პირველი, რასაც აკეთებს – ამ საზიზღრობას წერს ეკლესიის შესახებ“. საუბარი ეხება, რა თქმა უნდა, სოჭში მომხდარ სასიკვდილო ავტო საგზაო შემთხვევას, რომელშიც სობჩაკი ავტომობილის მგზავრი იყო. თქვენი აზრით, ქსენია სობჩაკს ჰქონდა თუ არა მორალური უფლება, დაეტოვებინა ავტო საგზაო შემთხვევის ადგილი?

მიტროპოლიტი ილარიონი: ვფიქრობ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებლობა მძღოლს აკისრია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მძღოლი ადგილზე უნდა დარჩეს. თუ მგზავრი ავარიაში მოხვდა, მაშინ ის ადამიანურად მოწოდებულია დაზარალებულებს დაეხმაროს. ამ თემაზე სულ ეს შემიძლია ვთქვა.

ე. გრაჩევა: მაგრამ იმას რა ვუყოთ, მეუფევ, რომ მან წინა მძღოლი მხოლოდ იმიტომ დაითხოვა, რომ მან უარი თქვა „საპირისპირო მიმართულებით“ წასვლაზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: არ მინდა სხვისი ცოდვები განვიხილო, არ მინდა რომან სტეპანოვს დავემსგავსო, რომელიც მის გარშემო რაღაც პრობლემებს ეძებს. დაე, ყველამ პასუხი აგოს საკუთარ საქმეებზე და პასუხისმგებლობა იქონიოს თავის ქმედებებზე – ეს საუკეთესო მიდგომაა. უფალმა თქვა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (მთ. 7:1).

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობ, ეკატერინე!

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებლების შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის – „ეკლესია და მსოფლიო“ – ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: მე ყველა სახარება წავიკითხე, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, საიდან გაჩნდა ღმერთი. მან შექმნა სამყარო და ადამიანი, მაგრამ თავად როგორ წარმოიშვა?

მიტროპოლიტი ილარიონი: ღმერთი არსაიდან არ წარმოშობილა, ის ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს. ღმერთი, თუ გნებავთ, ერთადერთი არსებაა, რომელიც არასოდეს დაწყებულა და არასოდეს დასრულდება. ყველა სხვა ქმნილება ღმერთმა შექმნა და დროში მიიღო დასაბამი, ხოლო ის დროის მიღმა არსებობს, ის არის დროის შემოქმედი. ის არასოდეს დაწყებულა, არასოდეს დაბადებულა. ის ყოველთვის არსებობდა.

კითხვა: აგვიხსენით საღვთისმსახურო ენასთან დაკავშირებული საკითხი. ვიცი, რომ ეს კითხვა არაერთხელ დაუსვამთ, მაგრამ როგორც ბევრ ადამიანს, მეც აქამდე ბოლომდე გააზრებული არ მაქვს. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ საეკლესიო სლავური – ეს არის ენა, რომლითაც თავდაპირველად მსახურებები ტარდებოდა. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ – ღვთისმსახურება ბერძნულად უნდა ჩატარდეს. რამდენადაც ქრისტე არამეულად მეტყველებდა, მაშინ იქნებ სულაც არამეულზე გადავიდეთ?

მიტროპოლიტი ილარიონი: საღვთისმსახურო ენა – ეს არის თემა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ძალიან დიდი ხანია განიხილება, ყოველ შემთხვევაში მე-XIX საუკუნიდან, როცა ამ თემაზე წმიდა თეოფანე დაყუდებული წერდა.

აქ პრობლემა კომპლექსურია და ის კომპლექსურად უნდა გადაწყდეს. მე-VIII საუკუნის ბიზანტიური საღვთისმსახურო ტექსტების რუსულად თარგმნა – ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღვთისმსახურების გასაგებად ქცევას. მე ერთი მარტივი ექსპერიმენტი ჩავატარე, როცა უნგრეთის ეპარქიაში ვმსახურობდი, ჩვენ გვყავდა რუსულენოვანი სამრევლო, და ერთ მსახურებაზე წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონი წავიკითხე არა სლავურად, არამედ რუსულად. ადამიანებმა ზუსტად ისევე ვერაფერი გაიგეს რუსულად, როგორც არ ესმოდათ ეს ტექსტი სლავურად. რატომ? იმიტომ რომ ეს რთული საღვთისმეტყველო ტექსტია, რომელიც იმ ეპოქაში დაიწერა, როცა ხალხმა და განსაკუთრებით მონაზვნებმა, ვისთვისაც ეს ტექსტი დაიწერა, წმინდა წერილი ძალიან კარგად იცოდნენ. ახლა ხალხმა უმეტესწილად არ იცის წმინდა წერილი, თვით ჩვენმა მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა. ასეთი რთული საღვთისმეტყველო ტექსტის უბრალოდ ყურით აღქმა თუნდაც რუსულ ენაზე პრაქტიკულად შეუძლებელია.

ანუ საკითხი აქ მდგომარეობს არა იმაში, რომ ტექსტები რუსულად ითარგმნოს, არამედ იმაში, რომ ღვთისმსახურება უფრო მისაწვდომი და გასაგები გახდეს. ამისთვის რიგ შემთხვევებში შესაძლებელია რუსული ენის გამოყენება. მაგალითად, უწმინდესი პატრიარქი მღვდლებს სთავაზობს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ და მათ სამრევლოებში შესაბამისი მოთხოვნაა, სამოციქულოს და სახარების საკითხავები წაიკითხონ რუსულად, და არა სლავურად. ზოგიერთ სამრევლოში ასეთი საკითხავები სლავურადაცაა, რუსულადაცაა, მაგალითად, იმ სამრევლოში, სადაც მე ვმსახურობ. მაგრამ ღვთისმსახურების გაგების საკითხი შეიძლება სრულად გადაწყდეს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ხალხისთვის მსახურების მნიშვნელობა მუდმივად იქნება ახსნილი და ისინი თავად სერიოზულად განეწყობიან წმინდა წერილის წასაკითხად. წმინდა წერილის, ბიბლიის და არა მარტო სახარების, არამედ ძველი აღთქმის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ღვთისმსახურების გაგება.

კითხვა: მითხარით, გთხოვთ, როგორ განვთავისუფლდე ეგოიზმისგან, მხოლოდ საკუთარ თავზე ჩაციკლულობისგან? მე არ შემიძლია მთელი გულით განვიმსჭვალო ახლობლების პრობლემებით, თავში მხოლოდ საკუთარი საზრუნავი მაქვს.

მიტროპოლიტი ილარიონი: რომ განთავისუფლდეთ ეგოიზმისგან, თქვენ უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილზე დაყენება. თქვენთან მოვიდა ადამიანი რაიმე კითხვით ან პრობლემით, და თქვენ ცდილობთ ეს პრობლემა საკუთარი გამოცდილებით მოაგვაროთ, მაგრამ სცადეთ თავი ამ ადამიანის ადგილას დააყენოთ. როგორ მოიქცეოდით ან როგორ იგრძნობდით თავს ასეთ სიტუაციაში? და შეეცადეთ სხვა ადამიანს ამ პერსპექტივიდან დაეხმაროთ, თანაუგრძნოთ. ეს, რა თქმა უნდა, უნდა ვისწავლოთ. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ თავს უნდა აიძულოთ, საკუთარ თავს მოსთხოვოთ სხვა ადამიანთან შესახვედრად გასვლა, გაუხსნათ მას თქვენი გული. და, რა თქმა უნდა, უნდა ილოცოთ ღვთის მიმართ, რომ ის ეგოიზმისგან განთავისუფლებაში დაგეხმაროთ და სხვა ადამიანები დაინახოთ პრობლემებით, მწუხარებებით, საჭიროებებითა და დაავადებებით და მიხვიდეთ მათ დასახმარებლად.

კითხვა: გთხოვთ, განმარტეთ მცნება: „არ განიკითხო...“ ჩვენი მაცხოვარი ხომ, წმინდა წერილის თანახმად, მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს კამათში ეწინააღმდეგებოდა, მათ იქედნეთა ნაშობებს და თვალთმაქცებს უწოდებდა.

მიტროპოლიტი ილარიონი: სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ გამოთქმა „იქედნეთა ნაშობნი“ – ეს არ არის ძალიან წარმატებული თარგმანი იმისა, რაც უფრო სწორი იქნებოდა გვეთარგმნა: „გველის შთამომავლობა“. ამ გამოთქმას იოანე ნათლისმცემელი იყენებდა, ხოლო უფალმა იესო ქრისტემ იგი ნათლისმცემლისგან დაისესხა. ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც „იქედნე“ სინამდვილეში გველს ნიშნავს. ეს სიტყვის მოჰყვა.

თქვენს კითხვაზე კი შემიძლია შემდეგი ვუპასუხო. უფალმა მოგვიწოდა არ განვიკითხოთ და არ განვსაჯოთ ადამიანები, მაგრამ მას არასოდეს მოუწოდებია ადამიანს უარი ეთქვა განმსჯელობის ნიჭზე, ანუ, მაგალითად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის ცოდვა და ცოდვილი ცხოვრების წესი. ჩვენ გვაქვს უფლება განვიკითხოთ ცოდვილი ცხოვრების წესი, მაგრამ არ უნდა განვიკითხოთ თავად ცოდვილი.

მაგალითი თავად უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა. სახარება უამრავ მაგალითს შეიცავს იმის შესახებ, თუ როგორ არ განსჯიდა ის ცოდვილებს, მაგრამ ამასთანავე ცოდვას არასოდეს ამართლებდა. როცა მასთან ცოდვილი ქალი მივიდა, რათა მისთვის ფეხებზე კეთილსურნელოვანი მირონი ეცხო, მან ის არ განსაჯა, მაგრამ არც მისი ცოდვა გაამართლა. ის უბრალოდ ისე მოექცა მას, რომ ის ყოველგვარი სიტყვის გარეშე მიხვდა, რომ საკუთარი ცხოვრება უნდა შეეცვალა.

უფალი მოგვიწოდებს, სწორედ ასე მოვიქცეთ: ადამიანები არ განვიკითხოთ, არამედ ვიცხოვროთ ისე, რომ მათ, ჩვენთან შეხებით, თავად გაიგონ, რა არის ცოდვა, და რა არის – სათნოება, და მაგალითი აიღონ ჩვენგან.

მინდა გადაცემა დავასრულო უფალი იესო ქრისტეს იგივე სიტყვებით, რომლებზედაც საუბარი იყო: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ“ (მთ. 7:1-2).

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, დაე გფარავდეთ ყველას უფალი.


გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ეპისკოპოსად ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

22.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب