მთავარი გვერდი ახალი ამბები
კონსტანტინეპოლის ძალაუფლებრივი პრეტენზიები როგორც ეკლეს…

კონსტანტინეპოლის ძალაუფლებრივი პრეტენზიები როგორც ეკლესიის ერთობის საფრთხე

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის გამოსვლა ბიბლიური ღვთისმეტყველების სინოდალური კომისიის კონფერენციაზე „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური მოძღვრების შუქზე", 2021 წლის 16 სექტემბერს.

თქვენო უწმინდესობავ!

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო, ყოვლადპატიოსანო მამებო, ძმებო და დებო!

როგორც უწმინდესმა პატრიარქმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში არსებული სიტუაცია ასახავს იმ კრიზისს, რომელმაც ის მოიცვა. ამ კრიზისს განსხვავებული ასპექტები აქვს, მაგრამ ერთი მათგანი, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, არის ის, რომ საფრთხე ემუქრება მართლმადიდებლობის ერთობას.

თავად უფალმა იესო ქრისტემ მცნებად დაუტოვა ერთობა თავის მოწაფეებს. ერთობის შესახებ საკითხი არაერთხელ გაჟღერებულა მაცხოვრის მღვდელთმთავრულ ლოცვაში: ,,რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ" (ინ. 17:21); ,,და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ. მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაჲთა იყვნენ სრულ ერთობითა“ (ინ. 17: 22-23).

მართლმადიდებლური სწავლება, ეყრდნობა რა სახარებას, საუბრობს ეკლესიის ერთობასა და ერთადერთობაზე, და ამ თვისებას ის პირველ ადგილზე აყენებს მის სხვა თვისებებს შორის. ეკლესიის ერთობის საღვთისმეტყველო საფუძველი, უწინარეს ყოვლისა, გამომდინარეობს იქიდან, რომ ღმერთი ერთია. ეკლესიაში ხდება გაერთიანება მორწმუნეებისა ერთმანეთთან და ეკლესიის თავ-უფალ იესო ქრისტესთან. წმინდა წერილი შეიცავს სახეების სიმრავლეს, სადაც ასახულია მორწმუნეთა ერთობა ქრისტესთან, რომელთა შორისაც შეიძლება გამოვყოთ ეკლესიის სახე (образ), როგორც ქრისტეს სხეული, წმინდა პავლე მოციქულის მიხედვით.

ეკლესიის არსებობის პირველივე საუკუნეებიდან პატრისტიკურმა თეოლოგიამ განაგრძო ერთობის თემა, რომლის არსსაც ის სახისმეტყველებითი ენით გამოხატავს. მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: „შეჰქმენით თითოეული თქვენთაგანისაგან კრებული, რათა ღმერთის მიერ დადგენილი ერთობის შესაბამისად, ერთი ხმით აღუვლენდეთ მამას გალობას იესო ქრისტეს მიერ, რათა მან შეისმინოს თქვენი და, თქვენ მიერ კეთილი საქმეებით გცნოთ თავისი ძის წევრებად. ასე რომ, თქვენთვის სასარგებლოა დაჰყოთ შეუბღალავ ერთობაში, რათა თანაზიარნი-ეყოთ ღმერთს” [1].

ნებისმიერი საფრთხე ეკლესიის ერთობისთვის – ეს არის საფრთხე ქრისტეს სხეულისთვის, რომელშიც ყველა მორწმუნეა გაერთიანებული ერთი რწმენით, ევქარისტიიათა და მისი თავით – იესო ქრისტეთი. სწორედ ამიტომ ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენები არის განხეთქილებები, რომლებშიც ირღვევა ქრისტეს მიერ ნამცნები ერთობა, იკარგება თანამოაზრეობა რწმენაში, წყდება ევქარისტიული ბარძიმის ირგვლივ კავშირი, ირღვევა იერარქიულობის სამოციქულო მემკვიდრეობა, ხოლო ქრისტეს სხეულში ჩნდება ღრმა ჭრილობა.

ეკლესიის ისტორიაში არც თუ მცირე მაგალითია იმისა, თუ როგორ გამოიწვია მისი ცალკეული წევრების ქმედებებმა ტრაგიკული განყოფა, რომლის შედეგებსაც ჩვენ დღემდე ვიმკით. ეკლესიის ისტორიის ეს ფურცლები შეიძლება ყოფილიყო გაკვეთილი და გაფრთხილება აწმყოსა და მომავალში მსგავსი ქმედებებისგან. თუმცა, დღემდე მართლმადიდებლობის ერთობას საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან – იმათგან, ვინც ცდილობს, მართლმადიდებლური სწავლებისა და კანონიკური ტრადიციების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ასეთ ქმედებებს ვაკვირდებით დღეს ჩვენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მხრიდან.

როგორც ცნობილია, ამ საპატრიარქომ XI საუკუნის შუა წლებიდან დაიკავა პირველი ადგილი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში. როგორ მიეკუთვნა მას ეს პირველობა? გარემოებების სამწუხარო დამთხვევის ძალით. მრავალი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს პირველი კათედრა იდგა რომში, როგორც იმპერიის დედაქალაქში. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კონსტანტინემ დააფუძნა ახალი დედაქალაქი ბოსფორის სანაპიროზე, მეორე მსოფლიო კრებაზე მიღებულ იქნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ახალი რომი – კონსტანტინეპოლი, როგორც „ქალაქი მეფისა და სინკლიტისა“, უთანაბრდებოდა ძველ რომს. ამ გადაწყვეტილების ძალით, კონსტანტინეპოლმა რომის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა ეკლესიების დიპტიქში. როდესაც, 1054 წელს, კონსტანტინეპოლსა და რომს შორის კავშირის გაწყვეტა მოხდა, აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში პირველობა თითქოსდა ავტომატურად დაიკავა კონსტანტინეპოლმა. თუმცა ეს იყო პირველობა პატივით და არა ძალაუფლებით.

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში პირველობის ამგვარ გაგებას ინარჩუნებდნენ თავად კონსტანტინეპოლის პატრიარქები, კერძოდ, მსოფლიო იურისდიქციაზე რომის პაპის პრეტენზიებთან დაკავშირებულ პოლემიკაში. 1894 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ანთიმოზ VII-მ რომის პაპ ლეონ XIII-ისადმი გზავნილში დაწერა: „ღვთაებრივმა მამებმა, რომლებიც რომის ეპისკოპოსს პატივს მიაგებდნენ როგორც მხოლოდ იმპერიის სამეფო ქალაქის ეპისკოპოსს, მიანიჭეს მას თავმჯდომარეობის საპატიო პრივილეგია, მას უყურებდნენ მხოლოდ როგორც პირველს სხვა ეპისკოპოსებს შორის, ანუ როგორც პირველს თანასწორთა შორის; შემდგომში ყველა ეს პრივილეგია მიენიჭა ქალაქ კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს, როდესაც ის გახდა სამეფო ქალაქი რომის იმპერიაში ... ყოველი ცალკეული ავტოკეფალური ეკლესია აღმოსავლეთსა და დასავლეთში იყო სრულიად დამოუკიდებელი და თვითმმართველი შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების ყველა დროში ... ხოლო რომის ეპისკოპოსს არ ჰქონდა მათ საქმეებში ჩარევის უფლება, რადგან თავადაც ექვემდებარებოდა კრებსით დადგენილებებს“ [2].

ასე ესმოდათ მსოფლიო ეკლესიაში პირველობა კონსტანტინეპოლის პატრიარქებს XX საუკუნის დასაწყისამდე. რას ფიქრობს მის შესახებ ამჟამად მათი ცოცხალი მემკვიდრე? მაგალითისთვის მოვიყვანთ არცთუ დიდი ხნის წინ ერთ-ერთი ახლადხელთდასხმული ეპისკოპოსისთვის მის მიერ მიცემულ რჩევას: ,,შენ იმსახურე ნამდვილი და უცვლელი ეკლესიოლოგიით, რომელიც შორსაა სამწუხარო დამახინჯებისაგან და მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, ხოლო პირველი, კონსტანტინეპოლის, არსებობს უბრალოდ ,,პატივისათვის“. დიახ, ჩვენ თანასწორნი ვართ, ყველას ერთი და იგივე საეპისკოპოსო პატივი გვაქვს, თუმცა კანონებისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დაფუძნებისას მივიღეთ სხვა უპირატესობები იმ მნიშვნელობებითა თუ ხასიათის უნიკალურობით, რომლებზეც უარის თქმას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ“ [3]. მაგრამ სამი წლის წინ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ეპისკოპოსებს მიმართა პატრიარქმა ბართლომეოსმა და განაცხადა შემდეგი: ,,მართლმადიდებელი ეკლესიის დასაბამი – მსოფლიო საპატრიარქოა, „მასშია ცხოვრება და ცხოვრება არის ეკლესიების ნათელი“ [4].  

კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეოსის სხვა ბევრი გამონათქვამის მოხმობა შეიძლება, რომლებიც დაამოწმებს პატრისტიკული ეკლესიოლოგიის დამახინჯებას. მიმაჩნია, რომ ყველა მათგანს ყურადღებით შეისწავლის უახლოესი სამღვდელთმთავრო კრება და მისცემს ღვთისმეტყველურ და კანონიკურ შეფასებას.        

საიდან მომდინარეობს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს როლის ასეთი გაბერვა მსოფლიო მართლმადიდებლობის ცხოვრებაში? რისგან ან ვისგან წარმოიშვა ეს ყველაფერი? ისტორია მოწმობს, რომ ყველაფერი დაიწყო პატრიარქ მელეტი IV-დან (მეტაკსაკისი), რომელიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო კათედრას ხელმძღვანელობდა 1920-იან წლებში. სწორედ მან შეიმუშავა თეორია, რომლის მიხედვითაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი არა მხოლოდ პირველია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა რიგში, არამედ ფლობს რაღაც განსაკუთრებულ პრივილეგიებს, რომლებიც მას სხვა მეთაურებისგან გამოარჩევს და მათზე წინ აყენებს.

სახელდობრ, კონსტანტინეპოლი მის დროს ისეთ პოზიციაში ჩადგა, თითქოს მას ეკუთვნოდა სააპელაციო ინსტანცია მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. პატრიარქ მელეტის მიერ შექმნილი თეორიის თანახმად, ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის ნებისმიერ ეპისკოპოსს თუ მღვდელმსახურს, თუ იგი დასჯილია რომელიმე კანონიკური დანაშაულისათვის, უფლება აქვს მიმართოს კონსტანტინეპოლს და სასჯელი გაასაჩივროს; ასეთ შემთხვევაში კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა ჩაითვალოს.

ქალკედონის კრების 28-ე კანონის განვრცობითი განმარტების საფუძველზე მელეტის პატრიარქობის პერიოდში დაიწყეს ასევე კონსტანტინეპოლის ექსკლუზიური უფლების მტკიცება, როგორც უფლებისა მთელს მართლმადიდებლურ დიასპორაზე. სინამდვილეში კი ამ კანონში ნათქვამია მხოლოდ იმის შესახებ, რომ რომის იმპერიის დიოცეზების – პონტოს, ასიის და თრაკიის მიტროპოლიტებმა, ასევე ,,ზემოთ ხსენებული რეგიონების უცხოელმა ეპისკოპოსებმა“ საკათედრო დადგინება უნდა მიიღონ კონსტანტინეპოლში. თუმცაღა, ამ კანონის ინტერპრეტირებით გამოიყვანეს თეორია იმის შესახებ, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქის იურისდიქცია უნდა გავრცელებულიყო ყველა ,,უცხო თესლზე“, რომელშიც შედიოდა დასავლეთ ევროპის, ორივე ამერიკის, ავსტრალიისა და აზიის ყველა მართლმადიდებელი მოქალაქე.       

შეიძლება ეკლესიის ერთობისათვის საფრთხის შემცველ სხვადასხვა წყაროზეც გვესაუბრა, მაგრამ თუ შევჩერდებით ამ თეორიის მხოლოდ საღვთისმეტყველო მხარეზე, მაშინ პირველ ადგილს აქ იკავებს ეკლესიოლოგიის შერყვნა, რომელიც თავისთავში მართლმადიდებლობის ერთობის წინააღმდეგ მიმართული გამანადგურებელი ძალის შემცველია. ჩვენ მხოლოდ ახლა გავიაზრეთ სრულად, ეკლესიის ერთობისთვის თუ რარიგ მძიმე შედეგების მომტანია კონსტანტინეპოლის ცალმხრივი მოთხოვნები. მაგრამ მახვილი თეოლოგიური გონების მქონე ადამიანებმა დღევანდელ სამწუხარო მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე დაინახეს ამ მოთხოვნებიდან მომდინარე საფრთხეები.

ჩემს გამოსვლაში მინდა შევჩერდე, კერძოდ, ეკლესიის ერთობის საღვთისმეტყველო გაგებისა და მისი განადგურების პოტენციური მიზეზების გააზრებაში XX საუკუნის შუა ხანებში სქემარქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) მიერ შეტანილ წვლილზე, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ წმინდანად შერაცხა კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ღირს მამათა დასში.

როდესაც მამა სოფრონი ოც წელზე მეტ ხანს ათონზე ყოფნის შემდეგ 1940-ინი წლების ბოლოს საფრანგეთში აღმოჩნდა, მას მოუხდა იურისდიქციური კამათების მორევში დაძირვა, რომლებიც არ ცხრებოდა რუს ემიგრანტთა წრეებში. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მაშინ აქტიურად განიხილებოდა, იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქის როლი როგორც ,,პირველისა თანასწორთა შორის“ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა ოჯახში. ამ საკითხს განსაკუთრებული აქტუალობა ჰქონდა რუსული სამრევლოების სამთავარეპისკოპოსოსთვის, რომელიც იმ დროისათვის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელობისა იყო მოსკოვის საპატრიარქოსთვისაც.   

1950 წელს მამა სოფრონმა გამოაქვეყნა დიდი სტატია სახელწოდებით ,,ეკლესიის ერთობა –ხატისებრი ყოვლადწმიდა სამების ერთობისა“ [5]. მასში მან მკვეთრად გააკრიტიკა ,,კონსტანტინეპოლური პაპიზმი“, რომელიც, მისი სიტყვებით, ,,ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია“. ამ პაპიზმის ადეპტები იმ მომენტისათვის იყვნენ რუსული კონსტანტინეპოლური იურისდიქციის საფრანგეთში მცხოვრები წარმომადგენლები. მიტროპოლიტ ევლოგის ცხოვრების წლებში ისინი ,,ეძებდნენ უპირველესად ,,კანონიკურ ბაზას“, რომ არ მოწყვეტილიყვნენ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულს – რუსეთის დედა-ეკლესიისგან მოწყვეტის შემდეგ... 1946 წლამდე, მიტროპოლიტ ევლოგის მიმდევარი ეს ჯგუფი, კონსტანტინეპოლისადმი თავის დაქვემდებარებას მოიაზრებდა როგორც დროებითს, მაგრამ ამ დროიდან დაწყებული, მათ უკვე ჩათვალეს, რომ მოიპოვეს ,,კანონიკური სიმართლე“ და გადავიდნენ უკვე კონსტანტინეპოლის მუდმივ დაქვემდებარებაში, რისთვისაც არა მარტო კანონიკურ, არამედ საღვთისმეტყველო საფუძველსაც ეძებდნენ“.        

მიტროპოლიტი ევლოგი (გეორგიევსკი), როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა მოსკოვის საპატრიარქოში და სამთავარეპისკოპოსოს წევრებს მოუწოდა, მას გაჰყოლოდნენ. თუმცა უმეტესობამ კონსტანტინეპოლის დაქვემდებარებაში დარჩენა ამჯობინა. ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად, როგორც მამა სოფრონი წერს, მათ ,,თავდაპირველად აღიარეს კონსტანტინეპოლის იურისდიქციული უფლებების უპირატესობა... შემდეგ მასვე მიაკუთვნეს უმაღლესი სააპელაციო ინსტანციის უფლება მსოფლიო ეკლესიაში, – დაივიწყეს რა კონსტანტინეპოლის საუკუნოვანი ბრძოლა რომის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მხრიდან ამავე პრეტენზიების გამო; დაივიწყეს, რომ რომის სწორედ ამ მოთხოვნებმა გამოიწვია ეკლესიის დიდი და საბოლოო განხეთქილება 1054 წელს; დაივიწყეს, რომ ფლორენციის კრებაზე რომი ყველაზე მეტად აღმოსავლეთისგან ითხოვდა აღიარებას მსოფლიო ეკლესიაში უმაღლესი სააპელაციო ინსტანციის უფლებაზე; დაივიწყეს მსოფლიო და ადგილობრივი კრების მრავალი კანონი, რომლებიც უარყოფენ მსგავს უფლებებს ნებისმიერი ადგილობრივი ეკლლესიისათვის; დაივიწყეს იგივე კონსტანტინეპოლის ეკლესიის ბრძოლა, რომელიც მყარად იდგა მართლმადიდებლურ პოზიციაზე, როდესაც მას სჭირდებოდა ბრძოლა რომის მოთხოვნების წინააღმდეგ“.

ამდენად, მამა სოფრონი პირდაპირ პარალელს ავლებს, ერთი მხრივ, მსოფლიო მეთაურობის პრეტენზიაზე რომის მხრიდან, რამაც ,,დიდი განხეთქილება“ გამოიწვია და, მეორე მხრივ, ასეთივე მეთაურობაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქის თანამედროვე (1950 წლის მდგომარეობით) პრეტენზიებს შორის. ,,კონსტანტინეპოლური პაპიზმის“ რუსმა ადეპტებმა, მამა სოფრონის თქმით, ,,მთელს მართლმადიდებლურ დიასპორაზე აღიარეს კონსტანტინეპოლის გამორჩეული უფლება, ხოლო სხვა ავტოკეფალური ეკლესიებისთვის თავიანთ დიასპორებზე ასეთივე უფლება – უარყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ არც ეკლესიის კანონიკური წესრიგის მიხედვით, არც მისი საუკუნოვანი პრაქტიკული გამოცდილებით; მათ, პირველი რომის მსგავსად, ამ უფლებების მისაკუთრება დაიწყეს არა კანონების, არამედ ,,თავად ღმერთის“ ბრძანებების საფუძველზე.       

კონსტანტინეპოლის პატრიარქ ათენაგორას მიერ 1950 წლის მართლმადიდებლობის ზეიმის კვირას გამოცემულ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეში, მამა სოფრონი ხედავს ,,პირველ რომთან სულ უფრო და უფრო დიდ მსგავსებას; არსებითად, ეს იყო აზრი იმის შესახებ, რომ თუკი პირველი რომი განვარდა, მის ადგილას დგება მეორე რომი იმავე უფლებებით, იმავე არგუმენტაციებით“. კონსტანტინეპოლი ,,ჯერ კიდევ არ უწესებს, არ უცხადებს სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებს მათზე თავის აღმატებულობას, მაგრამ მათ უკვე დამცრობილად მოიაზრებს თავის წინაშე: კონსტანტინეპოლი – ყველაფერია, ის – მსოფლიო ეკლესიაა, სხვები კი – ნაწილები, თანაც, მხოლოდ იმდენად მიეკუთვნებიან მსოფლიო ეკლესიას, რამდენად დაკავშირებულნი არიან კონსტანტინეპოლთან“.        

საკითხის ამგვარად დასმაში მამა სოფრონი ხედავს მართლმადიდებლური სწავლებიდან სახიფათო გადახვევის საშიშროებას, რომელსაც ერესს უწოდებს: ,,ნუთუ საჭიროა იმის თქმა, რომ პაპიზმის ეს ფორმაც ისეთივე ეკლესიოლოგიურ ერესს წარმოადგენს, როგორსაც – რომის პაპიზმი? ნუთუ საჭიროა იმაზე ლაპარაკი, რომ თუკი ეკლესიაში ეს განხორციელდა, გარდაუვლად მივალთ მთელი ჩვენი ყოფიერების სულიერი ხატის დამახინჯებასთან? თუკი პირველი რომის მსგავსად ლოკალურ მომენტთან დავაკავშირებთ (კონსტანტინეპოლთან მიმართებით კი რასობრივიც – ბერძნული მომენტიც უნდა დაემატოს) ეკლესიაში ხელისუფლებასა და სწავლებაზე გამორჩეულ უფლებას, მაშინ ეს იმ დროში დაგვაბრუნებს, რომლის შესახებაც სახარებაში ვკითხულობთ: ,,მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ“ (ინ. 4:20)“.       

თავის სტატიაში მამა სოფრონი განიხილავს სწავლებას იმის შესახებ, რომ კონსტანტინეპოლი ,,დედა-ეკლესიაა“ ყველა ადგილობრივი ეკლესიისათვის. პირველ რიგში, ასე რომც ყოფილიყო, ეს არანაირ უპირატესობას არ აძლევდა დედა-ეკლესიას ასული-ეკლესიების წინაშე. მეორეც, იერუსალიმის ეკლესიის მაგალითი დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის: სწორედ იერუსალიმის ეკლესიაა ,,ერთადერთი უცილობელი დედა ყველა ეკლესიისა, მათ შორის პირველი რომისაც.“

შემდგომ ვრცლად განიხილება ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალიის მოწყობის პრინციპი. მამა სოფრონის სიტყვებით, ,,ავტოკეფალიის გაგება მეტყველებს იმის შესახებ, რომ კათოლიკე ეკლესია ყველგან მისთვის მინიჭებული მადლის სისავსეშია, და ამ მომადლებული ნიჭების სისავსის ძალით, ის სხვა არაფერია, თუ არა ერთი კათოლიკე ეკლესია. ავტოკეფალიის გაგება მეტყველებს იმაზე, რომ არც ადგილი, არც ტიტული, არც რასობრივი წარმომავლობა ეკლესიაში არ სარგებლობს უპირატესობით ხელისუფლებასთან ან სწავლებასთან დაკავშირებით სხვა ადგილების ან ხალხების წინაშე; ის მეტყველებს იმაზე, რომ სულიწმიდა ,,ვიდრეცა უნებნ, ქრინ“ (ინ. 3:8), და მისი სუნთქვა ეკლესიაში არ არის დამოკიდებული რომელიმე იერარქის თვითნებობაზე“.      

სტატიის ბოლოს მამა სოფრონი ხსნის, თუ რატომ გადაწყვიტა საუბარი ამ მწვავე თემაზე: ,,ვიბრძვით რა ჩვენი ეკლესიის წიაღში წარმოშობილი ნეოპაპიზმის წინააღმდეგ, ამით ჩვენ მხოლოდ ჭეშმარიტებისათვის ვიბრძვით, – ამ სიტყვის ეკლესიური და მარადიული გაგებით. ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ ,,რომს“, პირველსაც, მეორესაც და მესამესაც, თუკი საუბარია სუბორდინაციის პრინციპის დანერგვაზე ჩვენი ეკლესიის რეალობაში. იქნება ის რომის, კონსტანტინეპოლის, მოსკოვის, ლონდონის, პარიზის, ნიუ-იორკის თუ სხვა რომელიმე სახის პაპიზმი, ჩვენ ყველა მათგანს უარვყოფთ როგორც ქრისტიანობის შემრყვნელ ეკლესიოლოგიურ ერესს.

ახალწარმოშობილი ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში, მამა სოფრონი მიუყვებოდა ძველ მონასტრულ ტრადიციას, რომლის თანახმადაც მონაზვნები ტოვებდნენ თავიანთ კელიებს იმ შემთხვევაში, თუკი ეკლესიას ემუქრებოდა სახიფათო ცრუსწავლება. ერესების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაზვნების მონაწილეობის მაგალითებით სავსეა ეკლესიის ისტორია. მამა სოფრონსაც არ უცვლია გვერდი, როდესაც იგრძნო, როგორი საფრთხე ემუქრებოდა ეკლესიას.

სულიერი ინტუიციის პარალელურად მას თეოლოგიური ინტუიციაც გააჩნდა. ,,რაიმე კერძო ნაწილში დამახინჯება, აუცილებლად მთელზეც აისახება“, – წერდა ის. – თუკი ჩვენ ახლა დავამახინჯებთ სწავლებას ეკლესიის შესახებ... მაშ როგორ შეძლებს ის ემსახუროს თავის შვილებს ჭეშმარიტების გზაზე? თქვენ იკითხავთ, რაში ჩანს ახლა ეს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის დამახინჯება? ვპასუხობთ: კონსტანტინეპოლურ ნეოპაპიზმში, რომელიც უკიდურესად სწრაფად ცდილობს თეორიული ფაზიდან პრაქტიკულში გადასვლას“.  

თეორიულიდან პრაქტიკულ ფაზაში გადასვლა, რომელიც მამა სოფრონმა იწინასწარმეტყველა, ახლა ჩვენ თვალწინ აღესრულება. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან სამოცდაათი წლის შემდეგ ახდა ის, რასაც გვაფრთხილებდა: კონსტანტინეპოლის პაპისტურმა ამბიციებმა ახალი ,,დიდი განხეთქილება“ გამოიწვია, ამჯერად უკვე მართლმადიდებლობის შიგნით.  

პირველობის დამახინჯებული გაგება მსოფლიო ეკლესიის დონეზე არა მხოლოდ გადახრაა მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიიდან, არამედ რეალური საფრთხეა ეკლესიის ერთობისათვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დიპტიქით პირველი წინამძღვრის მიერ ხდება პირველობის ასეთი გაგების თავსმოხვევა სხვა ეკლესიების წინამძღვრებზე. სწორედ კონსტანტინეპოლის მცდელობა, დაამტკიცოს თავისი ერთპიროვნული ხელისუფლება ეკლესიაში, უდევს ძირითად საფუძვლად მართლმადიდებელთაშორის კრიზისებს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონსტანტინეპოლის უსამართლო და არაკანონიკურ შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე 2018 წელს, წინ უძღოდა მისი არანაკლებ უკანონო შეჭრა ესტონეთში 1996 წელს. ამან ჯერ კიდევ მაშინ გამოიწვია რუსეთის ეკლესიის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა კონსტანტინეპოლთან. მიუხედავად იმისა, რომ კომპრომისული გადაწყვეტა იქნა ნაპოვნი ბევრი ძალისხმევის შედეგად, კონსტანტინოპოლის მხარემ დღემდე არ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლებიც საკუთარ თავზე აიღო, როგორც ევქარისტიული კავშირის აღდგენის ერთ-ერთი პირობა. სამწუხაროდ, მყიფე მშვიდობის აღმოჩნდა ეს შერიგება ბევრად უფრო სერიოზული კონფლიქტის წინ, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინაა გაჩაღებული.

კონსტანტინეპოლის მოთხოვნები მსოფლიო მეთაურობაზე განსაკუთრებული სიცხადით გამოიხატა კრეტის კრების ჩატარებისას 2016 წელს. კრებისწინა პროცესის დასაწყისშივე, მისი მონაწილენი იმედით შესცქეროდნენ მომავალ წმინდა და დიდ კრებას, როგორც ისტორიულ შეკრებას, – რომელშიც ყველა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მიიღებდა მონაწილეობას, – რომელიც ხილულად დაამოწმებდა მმთელი მსოფლიოს წინაშე წმინდა მართლმადიდებლობის ერთობას. სწორედ ამიტომ შეთანხმდნენ ადგილობრივი ეკლესიები, რომ ყველა გადაწყვეტილება, როგორც კრებისთვის მოსამზადებელ ღონისძიებებზე, ისე თავად კრებაზე, მიღებულ იქნებოდა კონსენსუსის საფუძველზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც კრების დაგეგმილ თარიღამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოთხმა ადგილობრივმა ეკლესიამ არგუმენტირებული უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე და მისი გადადება ითხოვა, აშკარა გახდა, რომ კრება ვერ ჩატარდებოდა, ვინაიდან ის ვერ შეასრულებდა თავის მისიას – გამხდარიყო ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის ხატი.

ამ ეკლესიების საწინააღმდეგო ხმის მიუხედავად, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო გადაჭრით და კატეგორიული დაჟინებით მოითხოვდა კრების გამართვას, და ახლა ჩვენ გვესმის – რატომაც. მას სხვა მიზნები ჰქონდა დასახული, მას სხვა ხატი სჭირდებოდა – მთელი ეკლესიისთვის ერთი მიწიერი მეთაურის სახე, რომელიც სხვების დაუკითხავად და საკუთარი შეხედულებისამებრ, გამართავდა ყოველთა მართლმადიდებელთა კრებებს და მათ გადაწყვეტილებებს სავალდებულოდ გამოაცხადებდა მათთვისაც კი, ვინც კრებებში არ მონაწილეობდა.   

რა შედეგები მოჰყვა კრეტის კრებას, ეს ყველამ ვიცით: ადგილობრივი ეკლესიების ნაწილი აღიარებს მას ყოველთა მართლმადიდებელთა კრებად, სხვები მას ასეთად არ მიიჩნევენ. სახეზეა განყოფა. თუმცა, შეუდარებლად დიდი დარტყმა მიადგა ეკლესიის ერთობას უკრაინაში კონსტანტინეპოლის პატრიარქის შეჭრით და მის მიერ უკრაინის განხეთქილების ლეგალიზებით 2018 წელს.

დღეს საღამოს, ჩვენი კონფერენციის ფარგლებში, მისი მონაწილეების ყურადღებას წარმოვუდგენთ 1686 წელს კიევის მეტროპოლიის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთების ისტორიის შესახებ დოკუმენტების ყველაზე სრულ კრებულს. ეს არის კოლექტიური ნაშრომი, საუკეთესო რუსი მეცნიერებისა და ჩვენი ეკლესიის კომპეტენტური სპეციალისტების ძალისხმევის ნაყოფი.

გამოქვეყნებული დოკუმენტები დამაჯერებლად ადასტურებს, რომ კიევის მეტროპოლიის მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო იურისდიქციის ქვეშ გადაცემისას, არ ყოფილა არანაირი ლაპარაკი ამ გადაცემის თითქოსდა დროებით ან შეზღუდულ ხასიათზე. დოკუმენტებში პირდაპირაა ნათქვამი: „დაე კიევის მიტროპოლია დაექვემდებაროს მოსკოვის უწმინდეს საპატრიარქო საყდარს და მისმა იერარქებმა სცნონ უხუცესად და წინამძღვრად მოსკოვის პატრიარქი, რომელიც მოცემულ დროში იქნება, როგორც მის მიერ ხელთდასხმულებმა“. არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ამ გადაწყვეტილების რაიმე დროებით ხასიათზე ან მომავალში მის შესაძლო გადახედვაზე.

კონსტანტინეპოლის პატრიარქები თავადაც აქედან გამოდიოდნენ, როდესაც თავისი ეკლესიის ყოველწლიურ კალენდარში აქვეყნებდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრების სახელებს როგორც მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში მყოფებს, და როდესაც იწყნარებდნენ უკრაინის ეკლესიასთან დაჯავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ექსკლუზიურ კომპეტენციას. მაგალითად, როდესაც 1992 წელს მიტროპოლიტ ფილარეტზე (დენისენკო) კანონიკური აკრძალვები დაწესდა, პატრიარქმა ბართლომეოსმა მარადსასხსენებელ პატრიარქ ალექსი II-ს მისწერა: ,,პასუხად შესაბამის ტელეგრამასა და წერილზე თქვენს ფრიად საყვარელ და ღრმად პატივცემულ ნეტარებას თქვენს უწმინდეს და-რუსეთის ეკლესიაში წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელმაც მისი წმინდა სინოდი მისთვის ცნობილმა მიზეზებმა მიიყვანა უახლოეს დრომდე სინოდის წამყვანი წევრის, კიევის მიტროპოლიტის ბატონ ფილარეტის განკვეთამდე. ჩვენ გვსურს, ძმურად ვაცნობოთ თქვენს სიყვარულს, რომ ჩვენი ქრისტეს წმინდა დიდი ეკლესია, აღიარებს რა თქვენი უწმინდესი რუსეთის ეკლესიის განსაკუთრებული კომპეტენციის სისავსეს ამასთან დაკავშირებით, იღებს სინოდალურ გადაწყვეტილებას ზემოთქმულის შესახებ, რამეთუ არ სურს არანაირი სირთულის შექმნა თქვენი და-ეკლესიისათვის“.

მაგრამ 2018 წელს ყველაფერი უცებ შეიცვალა. კონსტანტინეპოლმა ცალმხრივად გადახედა 1686 წლის აქტს და გამოაცხადა იგი თითქოს დროებით, უკიდურესი აუცილებლობის გამო, გაცემულ ნებართვად მოსკოვის პატრიარქისათვის, მოეხდინა კიევის მიტროპოლიტების ხელთდასხმა. ეს გაკეთდა ერთადერთი მიზნით – უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. შეჭრა განხეთქილების კურნების საბაბით განხორციელდა. სინამდვილეში არანაირი განკურნება არ მომხდარა, რადგან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატმა, ორი ეპისკოპოსის გამოკლებით, უარი თქვა კონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ ლეგიტიმირებულ სქიზმატურ შეკრებასთან შეერთებაზე.

შედეგად უპრეცედენტო ვითარება შეიქმნა, როდესაც ეკლესია, რომელსაც ჰყავს თორმეტ ათასზე მეტი სამრევლო, ორას ორმოცდაათზე მეტი მონასტერი, რომელიც წარმოადგენს უკრაინის ყველაზე მრავალრიცხოვან რელიგიურ თემს, კონსტანტინეპოლმა გამოაცხადა როგორც „არარსებული“, ხოლო მისი კანონიერი უფლებები და სახელწოდებაც კი, ყველა სიმართლითა თუ უსამართლობით, ცდილობენ სქიზმატიკოსებს გადასცენ.

შეუძლებელია კონსტანტინოპოლის ქმედებებს უკრაინაში განხეთქილების კურნება ვუწოდოთ. მათი აშკარა არაკანონიკურობა და აბსურდიც კი, იმაზე მიგვითითებს, რომ ფანარა რეალურად სულ სხვა მიზნებს ისახავდა. კონსტანტინეპოლმა, როგორც ჩანს, მოინდომა, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ ვინ არის მართლმადიდებლობის „პატრონი“. ახლა უკვე ყველა, ვინც აღიარებს უკრაინის სქიზმის ლეგალიზაციას და ახლადშექმნილ „მართლმადიდებლურ ეკლესიას უკრაინისას", ავტომატურად აღიარებს იმასაც, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფლობს არაფრით და არავისგან აქვს შეუზღუდავ ძალაუფლებას მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში: მას შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ ისე, რომ არავისი აზრი არ გაითვალისწინოს, გააუქმოს სამასი წლის წინანდელი ისტორიული შეთანხმებები, ეპისკოპოსად გამოაცხადოს პირები, რომელთაც არასოდეს მიუღიათ საეპისკოპოსო კურთხევა, მრავალმილიონიანი ეკლესია „არარსებულად“ გამოაცხადოს კალმის ერთი მოსმით და ა.შ.

არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ უკრაინაში შეჭრამ, რომელიც გახდა კონსტანტინეპოლელი ვაი-თეოლოგების თეორიული ნამუშევრების პრაქტიკული განხორციელება, შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ სამწუხარო და შეუქცევად შედეგებამდე, როგორც – 1054 წლის მოვლენებმა. მაშინდელი მოვლენების მონაწილენი – ერთი მხრივ, კონსტანტინეპოლის პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი, მეორე მხრივ, პაპის ლეგატები – ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ განყოფა ასე დიდხანს გაგრძელდებოდა; ის კი უკვე თითქმის ათასი წელია გრძელდება.

მართლმადიდებლობის ერთობის საფრთხეები, რასაც ჩვენ კონსტანტინეპოლის ქმედებებში ვხედავთ, მოითხოვს ფართო და მრავალმხრივ გააზრებას როგორც იერარქების, ისე ღვთისმეტყველების მხრიდან. სწორედ ამიტომ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო კრების წინ, ჩვენ ახლა ვატარებთ საღვთისმეტყველო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება პირველობას და კრებსითობას მართლმადიდებელ ეკლესიაში. კონფერენციის პროცესში, ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ შევასრულოთ ის ამოცანები, რომელთა შესახებაც ილაპარაკა უწმინდესმა პატრიარქმა, და გამოვიყენოთ ჩვენი მუშაობის შედეგები შემდგომ შრომებში მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.




[1] ეფეს. 4.

[2] კონსტანტინეპოლის ეკლესიის 1894 წლის 20 ივნისის საპატრიარქო მრგვლივმოსავლელი და სინოდალური ეპისტოლე ეკლესიების შეერთების შესახებ ლეონ XIII ენციკლიკასთან დაკავშირებით.

[3] პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა კიევის წმინდა ანდრიას ეკლესიაში მწუხრის მსახურებაზე (08.21.2021 წ.).

[4] პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იერარქების სინაქსისზე (2018 წლის 1-4 სექტემბერი).   

[5] სტატია ციტირებულია შემდეგი პუბლიკაციიდან: „Вестник Западно-Европейского Патриаршего Экзархата“ №№ 2-3, 1950 (Париж).

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب